ახალი ამბები
,,სასწრაფოს" მანქანას, რომელიც ავარიაში მოყვა, გულით ავადმყოფი გადაჰყავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას, რომელიც გუშინ ავარიაში მოჰყვა, გულით ავადმყოფი პაციენტი ,,გორმედში" მიჰყავდა. დაშავდა მედდა, რომელიც მკურნალობას დღესაც აგრძელებს. პაციენტისა და დაშავებული მედდის გადასაყვანად მეორე ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ვინ არის დამნაშავე, ამის გასარკვევად პოლიცია გამოძიებას აგრძელებს. ,,სმარტისა" და ,,გალფის" რეგიონული ფილიალებიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღეს. სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ, რომ ,,სასწრაფო" შუქნიშნის წითელ ფერზე ცდილობდა გზის გაგრძელებას:

,,ტყვიავის ქუჩიდან პაციენტი გორმედში მიგვყავდა. მძღოლს ჩართული ჰქონდა, როგორც ციმციმები, ასევე, შესაბამისი ხმოვანი სიგნალი. ცდილობდა გაეგებინებინა მძღოლებისთვის, რომ საჭიროებდა გატარებას. დანარჩენ დასკვნებს, ალბათ, გამოძიება გამოიტანს" - აცხადებენ სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, ტყვიავის ქუჩისა და ცხინვალის გზატკეცილის გადაკვეთაზე მოხდა. გზაჯვარედინზე მოძრაობას შუქნიშანი არეგულირებს. სასწრაფო დახმარების მანქანას ,,ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა მარცხენა მხრიდან დაეჯახა.

,,ბმვ"-ს მძღოლი ამბობდა, რომ ის მწვანე შუქზე მოძრაობდა და სასწრაფოს მანქანამ მოულოდნელად გადაუჭრა გზა. მისი თქმით, მანქანაში ცოლ-შვილი უჯდა და, შესაბამისად, მათ სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე. ის სასწრაფოს მანქანის მძღოლს ეკამათებოდა, რაშიც პოლიცია ჩაერია და მხარეები ერთმანეთს დააშორა.

შეჯახება კი, იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი ავტომანქანის წინა მხარე მნიშნელოვნად დაზიანდა, სასწრაფოს მანქანა კი, ბორდიურზე ავარდა და 90 გრადუსით შემოტრიალდა.

44-წლის ასაკის მედდას თავის ქალის წინა მხარე და ქვედა კიდური დაუზიანდა. ექიმ დავით ღვინიაშვილის თქმით, ჭრილობები დაუმუშავდა და მდგომარეობა სტაბილურად საშუალო მძიმეა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები