ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს იაპონიის მთავრობის მიერ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადმოცემის ცერემონია გაიმართა.

2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა (JICS) კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 96 ავტომობილი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, კერძოდ, 45 ჰიბრიდული ავტომანქანა - თბილისის საპატრულო პოლიციას, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.

გიორგი გახარია: „ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი, რაც გულისხმობს საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას. იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.”

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, რეგიონებში ავტოპარკის განახლება შემდეგ ეტაპზე იგეგმება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები