ახალი ამბები
ბუნებრივი აირისა და შეშის მომხმარებელთა რაოდენობა ერთმანეთს უტოლდება
საქართველოში ძირითადად არსებობს საცხოვრისების გათბობის ორი სისტემა: გათბობის ინდივიდუალური ცენტრალური სისტემა, რომლისთვისაც გამოიყენება ბუნებრივი გაზი, მეორე კი, ყველაზე გავრცელებული ფორმა - გათბობის ინდივიდუალური საშუალებები, რომლისთვისაც გამოიყენება როგორც ბუნებრივი გაზი, ისე ელექტროენერგია, შეშა, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები, მყარი ან თხევადი საწვავი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგების საცხოვრისების უდიდეს ნაწილში (88,3%) გათბობისთვის გამოიყენება გათბობის ინდივიდუალური საშუალებები (ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, შეშა და სხვა), ხოლო საცხოვრისების 1,2% გათბობის გარეშეა.

აქედან, გათბობის ინდივიდუალურ საშუალებებს შორის მოხმარებული ენერგორესურსებიდან შინამეურნეობების 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, ხოლო 45,8% - შეშას და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებს, რაც შეეხება ელექტროენერგიას მას გასათბობად შინამეურნეობების 6,4% იყნებს.

რაც შეეხება გათბობის ცენტრალურ სისტემებს, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ამ სისტემას იყენებს შინამეურნეობების 10,5%. აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია საქალაქო დასახლებაში (17,1%), ხოლო სასოფლო დასახლებაში 1,6%-ის ფარგლებშია.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქურებში საჭმლის მომზადებისათვის შინამეურნეობების ნახევარზე მეტი (52,8%) იყენებს ბუნებრივ გაზს (მათ შორის, ქალაქად - 77,8%, ხოლო სოფლად - 27,8%).
რაც შეეხება შეშას და ნარჩენებს, საჭმლის მოსამზადებლად მას 24,6% იყენებს.

თხევად გაზს 16,7%, ხოლო ელექტროენერგიას იყენებს შინამეურნეობების 5,7%.


Print

სტატიის გამოყენების პირობები