ახალი ამბები
გორის ,,კეთილმოწყობის" სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ნანეტაშვილის გამო გაათავისუფლეს
დღეს, დილით, გორის ,,კეთილმოწყობის" სამსახურის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს განუცხადეს, რომ გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ამის შესახებ გიორგი ჯაბიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი განმარტებით, სამუშაოს კეთილსინდისიერად ასრულებდა, თუმცა ამბობს, რომ გათავისუფლების მოტივად ,,შენების მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის, ბადრი ნანეტაშვილის ნათესაობა დაუსახელეს.

ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოს წევრია, ამავე დროს, რეგიონული ტელევიზიის ,,თრიალეთის" მფლობელია. იგი გიორგი ჯაბიშვილის მამის დეიდაშვილია.

,,ერთი კვირაა დირექტორისგან მესმის, რომ გათავისუფლებულიაო. დღეს პირადად შევხვდი და მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა არ შეუძლია. მიზეზიც პირდაპირ დამისახელა, ნანეტაშვილის გამო აღარ ვარგრძელებთ შენთან მუშაობასო," - ამბობს გიორგი ჯაბიშვილი.

მისი ინფორმაციით, ,,კეთილმოწყობის" სამსახურში ამ ეტაპზე კიდევ 5 თანამშრომელია გათავისუფლებული. მათ ნაცვლად კი, სასურველ კადრებს ნიშნავენ.

,,მაგალითად, მოადგილის თანამდებობაზე ნიშნავს ალიკა მაკრახიძეს, რომელიც პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის ძმაა. რომ ვიკითხე, რატომ უნდა დანიშნული მაგალითად ეს პიროვნება და მე გავეთავისუფლებინე, მითხრეს, რომ ესმის ეს სფერო და იმიტომო" - განმარტავს ჯაბიშვილი.

,,კეთილმოწყობის" სამსახურში საშტატო ნუსხა ჯერ არ დაუმტკიცებიათ. რეორგანიზაცია ამ უწყებაში 2017 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყო, რადგან გორისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა. გაერთიანების შედეგად, დუბლირებული ,,აიპიები" ერთმანეთს შეერწყა.

გორის მერიაში ამბობენ, რომ გაერთიანების შედეგად შექმნილი ახალი ,,აიპის"საშტატო ნუსხაში ცვლილელები შედის და მისი პრეროგატივა ამავე სამსახურის უფროსს გივი კობახიძეს გააჩნია.

გივი კობახიძის განცხადებით, გიორგი ჯაბიშვილმა ერთი თვის წინ, თავად განაცხადა რესურსების ამოწურვის შესახებ: ,,ერთი თვის წინ თვითონ მითხრა, რომ რესურსები ამოწურა. ამიტომ, გადავწყვიტე ახალი კადრის, ახალი სისხლის მოძებნა. თანამდებობა არ გაუქმებულა და მის ნცვლად სხვა დაინიშნა. მოხდა რეორგანიზაცია" - აცხადებს გივი კობახიძე.

რაც შეეხება მოადგილეების საკითხს, მისი განმარტებით, დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ძმა ერთ-ერთ მოადგილედ მართლაც მოიაზრება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები