ახალი ამბები
გორის სპორტის სასახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ამ წუთებში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გორში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ათვალიერებს. მასთან ერთად, მშენებელი კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ პრეზიდენტი და მფლობელი პოლ კანინგემი იმყოფება.

მასპინძლობას გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები უწევენ.

ასეთივე კომპლექსები შენდება თელავსა და ბათუმში.

სამივე პროექტის საერთო ღირებულება 34 მილიონ დოლარს აღწევს. თელავსა და გორში დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა - 500, ხოლო ბათუმში დიდი დარბაზი 2 500, პატარა 500 მაყურებელზეა გათვლილი. სპორტის სასახლეების მიმდებარედ დასასვენებელი სკვერების მოწყობაც იგეგმება.

,,მაღალტექნოლოგიური ენერგოეფექტური თანამედროვე სპორტული ობიექტები კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრის“ მიერ შენდება, რომელიც წარმოადგენს ფართომალიანი ნაგებობების უმსხვილეს მწარმოებელს კანადაში. კომპანია აღიარებული ლიდერია ასაწყობი ფოლადის შენობების დამზადების სფეროში გლობალური მასშტაბით და მას დიდი გამოცდილება გააჩნია." - აღნიშნავს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბეჰლენსა და საქართველოს მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, პროექტი დაფინანსდა ბეჰლენის მიერ, რომელმაც პროექტისთვის საჭირო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი თავად უზრუნველყო.

ხელშეკრულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანიას BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმდა.

პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში საფეხბურთო და სარაგბო 10 მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 10 700 000 ლარი. საერთო ჯამში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მშენებარე სპორტულ ობიექტზე დასაქმებულია 1 000-მდე ადამიანი. 



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები