ახალი ამბები
სურამის მე-2 სკოლას შესაძლოა ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭოს
ხაშურის რესურსცენტის უფროსი ზვიად გოგუაძე ითხოვს, რომ სურამის მე-2 საჯარო სკოლას ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ მისი წერილობითი მოთხოვნა ჯერ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს, შემდეგ კი, ხაშურის საკრებულოს სხდომაზე გაიტანეს.

სურამის საჯარო სკოლაში, მოქალაქე ზვიად გოგუაძის სახელით, განცხადება 2017 წლის 19 დეკემბერს დარეგისტრირდა. ის ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. სამეურვეო საბჭოს 6-ვე წევრმა იდეას მხარი დაუჭირა. წინადადება ხაშურის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც მოიწონეს.

,,ჩვენგან ამ საკითხს სრული მხარდაჭერა აქვს. დარჩა, მხოლოდ, გარკვეული პროცედურული საკითხები, რომელიც შესაბამისმა კომისიამ თბილისში უნდა განიხილოს." - აცხადებს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი.

ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი ექვთიმე თაყაიშვილი ცნობილია, როგორც 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს საგანძურის დამცველი, რის გამოც კონსტანტინე გამსახურდიამ „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ უწოდა.

ისტორიკოსს ბუბა კუდავას ცნობით, ექვთიმე თაყაიშვილმა სურამში 1889 წელს იმოგზაურა და დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად საქართველოს სიძველეები მოინახულა. ,,აქ, ერთ–ერთი სოფლის ეკლესიაში, მან მიაგნო სახარებას, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელწოდებითაა ცნობილი." - წერს ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში ბუბა კუდავა.

ფოტოზე: სურამის მე-2 სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს 
Print

სტატიის გამოყენების პირობები