ახალი ამბები
აგროჟურნალისტთა ასოციაცია მედიისა და აგროსფეროს წარმომადგენლებს თანამშრომლობაში ეხმარება
საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ (AGAJ) რეგიონული შეხვედრები დაიწყო გორიდან, სადაც ადგილობრივი მედიისა და აგროსფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთს ახვედრებენ. პირველი შეხვედრა კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში გაიმართა.

კამპანიის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ასევე, აგროსფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად, მედიის მდგარდობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

ასოციაციის თავმჯდომარის, მაია მამულაშვილის განცხადებით, ასოციაციის კარი ღიაა აგროსფეროს გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა. რეგიონულ შეხვედრებში მონაწილეობას ასოციაციის მხარდამჭერებიც მიიღებენ, რომელთაც ორგანიზაციის განვითარებაში სურთ წვლილის შეტანა.

შეხვედრაზე რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა აგროჟურნალისტთა ასოციაციის მიზნების, სამომავლო გეგმებისა და წევრობის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიიღეს.

რეგიონული შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში, მარნეულში, თელავსა და ოზურგეთში გაიმართება, რის შემდეგაც ასოციაციის პრეზენტაცია დედაქალაქში შედგება.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომელთა წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც, საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება. AGAJ დაარსდა 2017 წელს. ასოციაციის პარტნიორია აგროჟურნალისტ¬თა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ). ასოციაციის ფინანსური მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელიც HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები