ახალი ამბები
შპს ,,ოცნების ქალაქიდან" ხელისუფლებაში - პარლამენტარ მაკრახიძის ძმა ,,კეთილმოწყობის" სააგენტოში ვიცე-დირექტორად ინიშნება
გორის ,,კეთილმოწყობის" სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ გორის მაჟორიტარი დეპუტატის ძმა, ალექსანდრე მაკრახიძე ინიშნება. ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

დირექტორი გივი კობახიძე ამბობს, რომ სააგენტოს წესდება, წლის განმავლობაში, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს შესრულებას ავალდებულებს, მაკრახიძე კი, როგორც კარგი მშენებელი, გამოადგება.

,,დეპუტატის გავლენა არაფერ შუაშია, ალექსანდრე მაკრახიძე ჩვენი სააგენტოსთვის საჭირო კადრია, თავისი საქმის მცოდნეა, რაც მთავარია.“ - ამბობს, გივი კობახიძე.

ალექსანდრე მაკრახიძე სამშენებლო კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002"-ის დირექტორია და 100% წილის მფლობელია. დრო და დრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერების აქტიური მონაწილეა.

,,როცა დავინიშნები, ჩემ საკუთარ კომპანიაში დირექტორის თანამდებობაზე სხვა დაინიშნება, აქედან გამომდინარე ტენდერებში მონაწილეობა არაფრით შეიზღუდება“ - აცხადებს ალექსანდრე მაკრახიძე.

სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ალექსანდრე მაკრახიძესთან თანამშრომლობისას, ინტერესტთა კონფლიქტს არ დაუშვებს: ,,ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ,,არქმშენსტუდია 2002’’ დისკვალიფიცირებული იქნება." - განმარტავს კობახიძე.

ალექსანდრე მაკრახიძის კომპანიები

გორის მაჟორიტარი დეპუტატის ძმა ალექსანდრე მაკრახიძე ოთხი კომპანიის წარმომადგენელია, აქედან ორ მათგანში დირექტორის პოსტი უკავია, ორში კი, - მეწილეა.

ყველაზე დიდი აქტიურობით, ბოლო დრომდე, ,,არქმშენსტუდია 2002“ გამოირჩევა, რომელსაც 2012-2017 წლებში 21 სახელმწიფო, საერთო ჯამში, 613 858 ლარის ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული, აქედან, 319 267 ლარი იმ წლებში, როდესაც მისი ძმა პარლამენტარი გახდა (2014-2017).




პარტიული შემოწირულობები


ალექსანდრე მაკრახიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ,,ნაციონალურ მოძრაობას" 8000 ლარი შესწირა. ის აქტიურად იყო ჩართული მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესში. სწორედ, აღიშნულმა კომპანიამ (არქმშენსტუდია 2002) განახორციელა 2010 წლის, 25 ივნისის ღამეს, სტალინის ძეგლის დემონტაჟის სამუშაოები გორის ცენტრში.

მის ერთ-ერთ კომპანიას ,,ოცნების ქალაქი - 2005“ (,,DREAM TOWN – 2005”) ჰქვია, მართალია, ეს სახელწოდება, ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლამდე, 2005 წელს დაარქვა, მაგრამ ,,ქართული ოცნების" სახელისუფლებო უწყებებში, მაკრახიძეები, ოფიციალურად, 2014 წლიდან ჩადგნენ.

რა ხდება ,,კეთილმოწყობის სააგენტოში"

გორის მერიის ,,კეთილმოწყობის სააგენტოში" თანამშრომლების მასიური დათხოვნის პროცესი გრძელდება. მობილობის პრინციპის გვერდის ავლით სააგენტოს ხელმძღვანელი მოადგილედ დეპუტატის ძმას ნიშნავს, რომლისგანაც სამშენებლო სამუშაოების მაღალი ხარისხით შესრულებას ელოდება. ხოლო უკვე დასაქმებული ცოლის ძმა, ზურაბ მიხანაშვილი კი ქალაქში გარეგანათებების საკითხს მოაწესრიგებს. (მისი კომპანია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს).

იურისტების შეფასებით, კერძო კომპანიებში ხელმძღვანელი პირების ფორმალური შეცვლა სახელმწიფო ტენდერებში ინტერესთა კონფლიქტს არ გამორიცხავს, ამიტომ ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს მონიტორინგის საგანი.

ამ ეტაპზე ,,კეთილმოწყობის საააგენტოში" 10-მდე ძველი სამსახურის გარეშე დარჩა. მათ განცხადებები, რეორგანიზაციის პერიოდში, დეკემერში დაწერეს და მობილობის პრინციპით ახალ სააგენტოში დასაქმებას ელოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები