ახალი ამბები
გორის პირველმა სკოლამ გამოცდილება სხვა სკოლების წარმომადგენლებს გაუზიარა
დღეს, გორის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ამის შესახებ შეხვედრა ,,ეკოჰაბის" ოთახში გაიმართა.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ხელშეწყობით, ეკოჰაბის პროექტის მონაწილეებმა ეკოლოგიურ საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით, აქცენტი ნარჩენების მეორადი გადამუშავების შესაძლებლობებზე და მისი გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სტუმრებს შორის გორის მე-3; მე-5 და მე-12 საჯარო სკოლების წარმომადგენლები იყვნენ.

გორის პირველ სკოლაში ,,ეკოჰაბი" 2017 წლის დეკემბერში მოაწყეს. მწვანე ოთახის მოწყობაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი დაეხმარა. სკოლამ ის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მოპოვების შედეგად, დაიმსახურა.

გრანტის მოსაპოვებლად მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ მაია ქურდაძესთან ერთად, მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარეს. მოაწყეს დასუფთავების აქციები, ქუჩებში მწვანე ყუთები განათავსეს, მაკულატურა შეაგროვეს. 50-მდე სოფელში, ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით, გამოკითხვები ჩაატარეს და კონკურსის ორგანიზატორებს წარუდგინეს. 

მოსწავლეებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, განახლებული სასკოლო ოთახები აღიჭურვა თანამდროვე ავეჯით, ტექნიკითა და ბიბლიოთეკით.



ეკოჰაბებით სარგებლობის უფლება აქვთ ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში დარეგისტრირებულ სასკოლო გუნდებს. პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

ეკოჰაბების შემქნის ინიციატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი, რომლის სახელწოდების პრემიაც პირველმა სკოლამ მოიპოვა, დაიბადა 1897 წელს გორის მაზრის სოფელ ტყვიავში და გარდაიცვალა 1982 წელს. იყო ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1945), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები