ახალი ამბები
ქვემო ხანდაკი - ნიჩბისის მონაკვეთზე სარწყავ არხი მილსადენით კეთდება
კასპის მუნიციპალიტეტში, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის მექანიკური სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში ამონტაჟებენ მილსადენს და აკეთებენ წყალმიმღებ ჭებს. ,,საქართველოს მელიორაციის" სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, 800 ჰა მიწის ფართობი მოირწყვება.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვემო ხანდაკისა და ნიჩბისის მოსახლეობა, რომელსაც სავარგულები აქვს, 1 450 ოჯახისგან შედგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.

,,საქართველოს მელიორაციამ ბოლო 6 წლის მანძილზე შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 50 პროექტი განახორციელა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ირიგაცია მოწესრიგდა 17 137 ჰექტარ მიწის ფართობზე." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

დღეისთვის რეგიონში მიმდინარეობს 6 სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა დასრულების შემდეგ შიდა ქართლის სოფლებში დამატებით 1 075 ჰა მიწის ფართობი მოირწყვება, წყლით უზრუნველყოფა კი 1 795 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე გაუმჯობესდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები