ახალი ამბები
გორში ფერმერებისთვის შვეიცარიელი და გერმანელი სპეციალისტები ვორკშოპს გამართავენ
გორში 17 თებერვალს ადგილობრივი ფერმერებისთვის ვორკშოპი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტები ევროპული ინტეგრაციისთვის" წარმომადგენლებმა აცნობეს.

ვორკშოპი სახელწოდებით „დაიმუხტე წარმატებით - ქართული რესურსი, ევროპული გამოცდილება“ გაიმართება შპს ,,აგროქართლის" ოფისში.

,,ვორკშოპის ფარგლებში მოწვეული ევროპელი და ადგილობრივი ფერმერები დამსწრეებს გაუზიარებენ თვიანთან გამოცდილებას, ისაუბრებენ აგროპროდუქციის წარმოების სპეციფიკაზე, გამოწვევებზე, რომელსაც წარმოების პროცესში აწყდებიან, პროდუქტის შეფუთვასა და მარკეტინგზე, პროდუქტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ევროპულ ბაზარზე მოხვედრისთვის საჭირო სტანდარტიზაციაზე და იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია წარმატებული ფერმერული საქმიანობის დაწყებისთვის." - აღნიშნავენ შეხვედრის ორგანიზატორები.

ვორკშოპს წარუძღვებიან შვეიცარიელი ფერმერი ფრენსის ბლაზერი, გერმანელი მეღვინე ჰილარიუს პიუცი, გორელი ფერმერები: - მიხეილ ედილაშვილი და იოსებ ხუროშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები