ახალი ამბები
შსს-დან პერსონალური მონაცემები გასცეს, პოლიციელი გენინსპექციას შანტაჟში ადანაშაულებს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უკან დაუბრუნა განსახვილველად საქმე, რომლის მიხედვით, შს სამინისტროს თანამშრომელმა, არასამსახურებრივად, პერსონალური მონაცემები გამოიყენა და ახლობელს გადასცა. სასამართლომ, ეს ამბავი, 2017 წლის 13 აპრილს განიხილა და აღნიშნა, რომ ფაქტი არასათანადოდაა შესწავლილი.

სასამართლოს გადაწყვეტილება უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქმე იმაშია, რომ 2015 წელს, გენსინსპექციამ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანაშრომლის მიმართ, დისციპლინური დევნა დაიწყო. გენინსპექციის დასკვნის (#1309066) მიხედვით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს დაუკავშირდა მეგობარი და დეტალური ინფორმაცია მოსთხოვა ცოლის სატელეფონო საუბრების შესახებ. პოლიციელებმა ეს ინფორმაცია მოიძია და გადასცა ამ თავის ახლობელს.

ახსნა-განმარტებაში ახლობელი აღნიშნავს, რომ მართლაც სთხოვა პოლიციელს გადაემოწმებინა ინფორმაცია მის მეუღლეს, ურეკავდა თუ არა ვინმე ,,ე. მ-ე". კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და აცნობა, რომ მის მეუღლეს ნამდვილად ურეკავდა ვინმე ,,ე.მ" და ჰქონდათ ხანგრძლივი საუბრები.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციელის ახლობელმა, ამჯერად, ,,ე.მ"-ეს ცოლის ვინაობის გარკვევა მოითხოვა. კერძოდ, ტელეფონის ნომერი, სამუშაო ადგილი, მანქანის(X5-ის) ნომერი და ა.შ. რაც დაკმაყოფილებულ იქნა. ცოტა ხნის შემდეგ, საქმეში გენერალური ინსპექცია ჩაერთო.

პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, რომ გენერალური ინსპექციის ინსპექტორი ფ.კ. მას მუდმივად ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. პოლიციელი, რომელიც ამბობს, რომ მას გენინსპექციის თანამშრომელი აშანტაჟებდა და პირადი დაპირისპირება აქვს, არის მ.ზ.

ის, 2015 წელს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა აღდგენის მოთხოვნით, ჯერ თბილისის სასამართლოს (2015 წელს), შემდეგ სააპელაციო სასამართლოს (2016 წელს) უშედეგოდ მიმართა. იგი განმარტავს, რომ ის კომპიუტერული სისტემა, რომელიც პოლიციაში ებარა, არ შეიცავდა ზემოაღნიშნულ მონაცემებს და, შესაბამისად, მას არ შეეძლო აღნიშნული ინფორმაციის ვინმესთვის გადაცემა.

სასამართლოზე განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიღების მიზნით, არაერთხელ მიუმართავთ სხვებს სამინისტროსთვის და ინფორმაცია გაცემულა.

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისი ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე ქვედა ინსტანციებში ძირეულად უნდა გამოკვლეულიყო. გენინსპექციას კი, მხოლოდ, ერთი ადამიანის ჩვენებიდან არ უნდა გამოეტანა დასკვნა. პოლიციელი ჩივის, რომ გენინსპექცია მხოლოდ იმ პიროვნების ახსნა-განმარტებას ეყრდნობა, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა.

,,მე აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომა არ მქონდა და შესაბამისად ვერ გავცემდი ინფორმაციას" – აღნიშნავს ის სარჩელში.

სადავო გარემოებების არსებობის გამო, უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე ძირეულ კვლევას საჭიროებს და, შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები