ახალი ამბები
გორში არასრულწლოვანი გოგონა დედამ მიატოვა
გორის პოლიციამ ვერ მიაკვლია დედის ადგილსამყოფელს, რომელმაც არასრულწლოვანი შვილი მიატოვა. ამის თაობაზე სამმართველოს უფროსის წერილი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წაიკითხეს.

სოცილური სააგენტოს სოცმუშაკი ანა კორინთელი დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები 14-წლის გოგონას, დედის მაგივრად, მზრუნველობას 2 წელია უწევენ.

დედობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით, ანა კორინთელმა სასამართლოს სამი კვირის წინ მიმართა.

,,ორი წელია შვილთან კონტაქტი არ ჰქონია, არ დაურეკავს, არც შეხმიანებია, ჩვენც ვერ შევძელით მისი მოძიება. ამიტომაც, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ პოლიციის ძალით მოგვეძებნა“ - განაცხადა პროცესზე სოცმუშაკმა.

სასამართლოზე იძულების წესით დედის გამოცხადება ვერ მოხერხდა.

მოსამართლე ნინო შარაძემ დედის მოსაძებნად საბოლოო გზა გამონახა. სასამართლოს სტენდეზე ერთი თვის მანძილზე საჯარო შეტყობინება იქნება გაკრული, სადაც პროცესზე გამოსაცხადებლად დედას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი გოგონას დედა კვლავ არ გამოცხადდება, საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება.

სოცმუშაკები გოგონას ბედით ორი წლის წინ დაინტერესდნენ. ბავშვი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. ამჟამად, ბებია (დედის დედა) ქირით ცხოვრობს, რომლის თანხას მერია იხდის.

ისინი ოფიციალურად, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არიან რეგისტრირებულები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები