ახალი ამბები
მეზობლების ცნობით, გენადი ბესტაევს ცხინვალში ოჯახის წევრები აქცევენ ყურადღებას
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ზარდიანთკარში ამბობენ, რომ თანასოფლელ გენადი ბესტაევს ცხინვალში ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას აქცევენ. ამის შესახებ მათ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადეს.

ეთერ გაბლიშვილის თქმით, მეუღლემ და შვილებმა ცხინვალში გენადი ბესტაევი დაასაქმეს კიდეც, თუმცა, პრობლემა გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მდებარე საცხოვრებელი სახლია. ამ სახლს გენადი ბესტაევი ვერ თმობს და გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს.

შეგახსენებთ, გენადი ბესტაევი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეოთხედ დააკავეს და 9 თებერვალს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

ის, ჯერ პირველად 2017 წლის მაისში, შემდეგ ზაფხულში, მესამედ კი, - 31 ოქტომბერს დააკავეს.

ბესტაევს ცხინვალში ცოლ-შვილი ჰყავს და, დაკავებების დროს, იგი სწორედ მათ სანახავად მიდიოდა. ბესატაევის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი 2017 წლის ნოემბერში მომზადა.

მან 2003-2017 წლებში, მკვლელობის ბრალდებით, სასჯელი თბილისის ციხეში მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ზარდიანთკარში საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდა. მისი ბინა, ოსურ სოფელ ხელჩუას მიჯნაზე, ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის, მდებარეობს. ნაკვეთზე და სახლზე გადის გამყოფი ხაზი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები