ახალი ამბები
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გაიხსნა
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გაიხსნა. საწარმო დღეიდან დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის პრაქტიკას აღადგენს, რაშიც მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება.

”საწარმო „ნებიერა“ გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებდა.

ქარხნის დაფუძნების იდეა დუალური განათლების მოდელზე იყო მორგებული. ის გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. პარალელურად „ნებიერა“ რძის პროდუქციას აწარმოებდა, რომლის რეალიზებაც ძირითადად შიდა ქართლში ხდებოდა.

დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის მიხედვით სტუდენტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ითავსებენ. საქართველოში წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირების მიზნით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს საკოორდინაციო საბჭოს ჩამოაყალიბებს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის მიზნით სამ მხარეს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

საწარმო „ნებიერა“ ხელახალ გახსნამდე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს ირმა კიტრიაშვილს გადაეცა, რომელიც ქარხნის მუშაობის განახლებასთან ერთად დუალური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებასაც იღებს. ამ დროისთვის ქარხანაში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საწარმოს გახსნას პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ქალაქ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში კახა სამხარაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი დაესწრნენ.

წყარო: www.bpn.ge

Print

სტატიის გამოყენების პირობები