ახალი ამბები
შინაპატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი საელჩოებს მიმართავს
ახალგორელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საელჩოებს ოფიციალური წერილით მიმართავს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია თავადვე მიაწოდა. მისი განმარტებით, 16 თებერვალს, მისი შიდა პატიმრობიდან 6 თვე შესრულდა, თუმცა საქართველოს მთავრობისგან არანაირი ყურადღება არ მიუღია.

,,კაციშვილს ხელისუფლებიდან არ უკითხავს - რითი ვარსებობ. მე არ მაქვს ინფორმაცია როგორ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. მათ ჩემთან არანაირი სახით არ აქვთ კომუნიკაცია და ამის გარეშე როგორ შეიძლება ჩემი საკითხი დადგეს? მინიმუმ იცის ვინმემ, რა ეტპზეა გამოძიება? ამის გარეშე, როგორ შეიძლება დადგეს საკითხი?.“ - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ქართული მხარის უყურადღებობის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა პოსტი დღეს საკუთარ ფეისბუკზეც გამოაქვეყნა. რომელსაც გამოხმაურება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოყვა. პარტიის წარმომადგენელი, ბადრი ბასიშვილი ხელისუფლებას აღნიშნულთან დაკავშირებით დაუყონებლივ რეაგირებას და ჟურნალისტის მიმართ ყურადრების გამოჩენას ითხოვს.

,,ხელისუფლება არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ქალბატონი თამარის შიდაპატიმრობა ოკუპანტი ქვეყნის და სეპარატისტული ცხინვალის ეგრეთწოდებული ხელსუფლების მხრიდან ყოვლად მიუღებელია. ამავდროულად, მეტი ჩართულობა უნდა იყოს, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ოპოზიციური პარტია მოვითხოვთ, რომ ყველანაირი ტექნიკური საკითხი მოუგვარდეს ქალბატონ თამარს, მათ შორის,  გაუწიონ საადვოკატო მომსახურება და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფრმირებულობა უზრუნველყოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.“ - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება არა თუ აპირებს, არამედ უკვე დაეხმარა თამარ მეარაყიშვილს ყველა შესაძლო ფორმით. გარდა ამისა, მის მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიაზე „სისხლისსამართლებრივი დევნის“ დაწყებისთანავე აპარატი ჩართული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ კომუნიკაციაში მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და მის მიმართ „დევნის“ შეწყვეტის მისაღწევად და ეს საკითხი არაერთხელ დასმულა მათთან კომუნიკაციის დროს წარსულშიც და მიმდინარე რეჟიმშიც.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, 2017 წლის 16 აგვისტოს ცილისწამების მუხლით, დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ცხინვალის პროკურატურის ვერსიით, მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრის, სპარტაკ დრიაევის პატივი და ღირსება შელახა. ცხინვალის ე.წ. კანონის მიხედვით, გამოძიების პროცესის ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრება. ამ პერიოდში კი მეარაყიშვილს ყველა საჭირო პროცედურისთვის სათანადო ზრუნვა, როგორც თავად ამბობს, საკუთარი სახსრებით უწევს. ერთადერთი იმედი, როგორც თავად განმარტავს, საელჩოების რეაგირება იქნება, რომელთა მხრიდან რეაგირებას ის უკვე ახალი კვირიდან დაელოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები