ახალი ამბები
გორის სასამართლოში ოჯახური ძალადობის საქმეებზე ბრალდებულებს ღმერთის წინაშე აფიცებენ
ოჯახური ძალადობის საქმეებზე გორის სასამართლოში ბრალდებულებს ფიცს ღმერთის წინაშე დებენ.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი კოდექსის იმ ნორმას იყენებს, რომლის მიხედვით, სასამრთლოში მოწმე დებს რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.

რელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის
დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„დაიფიცეთ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.

მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“.

გარდა რელიგიური მნიშნელობის მქონე ფიცისა, მოწმეებსა და ბრალდებულებს შეუძლიათ სამოქალაქო ფიცი დადონ. ამის არჩევანს შესაბამისი კანონი იძლევა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:

1. სასამართლოში მოწმე დებს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცს.
2. ფიცის დადების წინ სასამართლომ მოწმეს უნდა აუხსნას ფიცის მნიშვნელობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე– 371-1 მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცის დადების დროს მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„ დაიფიცეთ, რომ მთელი შეგნებით იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ“.

მოწმე უპასუხებს:

„ვფიცავ!“.

თუ მოწმე აცხადებს, რომ იგი თავისი რწმენისა თუ სხვა მოსაზრებათა გამო, უარს ამბობს ფიცის დადებაზე, მაშინ მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელებით. მოსამართლე მიმართავს მოწმეს:

„სასამართლოს წინაშე პასუხისმგებლობის მთელი შეგნებით ადასტურებთ თუ არა, რომ იტყვით მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავთ?“.

მოწმე უპასუხებს:

„დიახ, ვადასტურებ!“.

მოწმის მიერ ფიცის დადების ან ფიცის შემცვლელი დადასტურების განხორციელების ფაქტი დასტურდება მის მიერ ფიცის ან დადასტურების ტექსტზე ხელმოწერით.

,,ბრალდებულის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ჩვენების მიცემაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად." - წერია კანონში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები