ახალი ამბები
გარემოს ეროვნულ სააგენტოში თვლიან, რომ სოფელ სკრაში ჭის წყალს მოტორი გააცხელებდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, მახარაშვილების ოჯახის ჭაში წყალი გაცხელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ოჯახის უფროსი კახა მახარაშვილი ,,ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ უცნაური მოვლენა 3 დღის წინ დაფიქსირდა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნულ ფაქტს ბუნებრივ მოვლენას არ უკავშირებს.

სააგენტოს სპეციალისტს მერაბ ჩალათაშვილს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა.

,,აღნიშნულ ტერიტორიაზე თერმული წყლები ჩვენ არასდროს დაგვიფიქსირებია. თუ ოჯახი წყლის ამოსაღებად მოტორს იყენებს, წყლის გაცხელების მიზეზი, სწორედ ის იქნება. შესამოწმებელი იქნება წყლის ამოსაღები სისტემა" - ამბობს მერაბ ჩალათაშვილი.

გარემოს ეროვნული სააგენტო არ აპირებს საკითხის შესწავლას, რადგან სახელმწიფოს ასეთი კერძო შემთხვევების კვლევის ჩატარების ვალდებულება და ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

,,ამ შემთხვევაში ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაიქირავონ ჰიდროლოგიის სპეციალისტები ან კიდევ ვურჩევ შეამოწმონ, როგორც წეღან აღვნიშნე, წყლის ამოსაღებად გამოყენებული სისტემა" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

ოჯახის უფროსის, კახა მახარაშვილის განცხადებით, ჭა თითქმის 100 წელს ითვლის და ყოველთვის განსაკუთრებულად ცივი წყლით გამოირჩეოდა, აღნიშნული მოვლენის გამო კი, სასმელი წყლის მოტანა სოფლის საუბნო ონკანიდან უწევთ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები