ახალი ამბები
გორის სასამართლოში ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
დღეს, გორის სასამართლოში, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლო პროცესი 15:00 სთ-ზე დაიწყო.

მხარეები იმ ვიდეოჩანაწერებს ათვალიერებენ, რომელიც ბრალდების მხარემ, საქართველოს პროკურატურამ წარადგინა. ჩანაწერები როგორც პატრულის სამხრე, ასევე, სათვალთვალო კამარებიდან ამოიღეს. ჩანაწერთა ნაწილი გასულ პროცესზე გამოაქვეყნეს.

,,სავარაუდოდ, დღესაც მხოლოდ ჩანაწერების დათვალიერების პროცესი გაგრძელდება" - აცხადებს ნოდარ ცინცაძე ადვოკატი.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ათმეთაურს ნუკრი ხაბელაშვილს, პატრულ ინსპექტორებს: გია სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი 21-წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე ორი მუხლით წაუყენეს.

2017 წლის 17 მაისს, დილის საათებში, გამთენიისას პატრულის დევნის დროს, 21-წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

მისი ავტომანქანა გორის გვირაბთან ტრაილერს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილი ადგილზევე გარდაიცვალა.

პროკურორების განცხადებით, ათმეთაურის, ნუკრი ხაბელაშვილის მითითებით, გია სადაღაშვილმა და ზურაბ რუსიშვილმა სატვირთო ავტომანქანის მძღოლს გზის სავალი ნაწილი გადააკეტინა ისე, რომ მძღოლს გასასვლელი არ დაუტოვეს. ამსთანავე, პროკურორის განცადებით, პატრულ ინსპექტორის ქმედებით, სხვა მოქალაქეების (მძღოლების) სიცოცხლესაც შეექმნა საფრთხე.

ფოტოზე: ადვოკატი ნოდარ ცინცაძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები