ახალი ამბები
სატენდერო სკანდალი კასპში - კომპანიები მერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ
კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ითხოვს, რომ სამშენებლო კომპანიებმა, მუნიციპალიტეტში გამარჯვების შემთხვევაში, კასპელები უნდა დაასაქმოს. ამის შესახებ სპეციალური პირობები სატენდერო დოკუმენტაციაში 1 თებერვლიდან გაჩნდა.

სატენდერო პირობების მე-6 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმებულებიდან მინიმუმ 70% უნდა იყოს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები.

ეს ნორმა არ ჩანს მაგალითად, 2018 წლის 31 იანვარს და მანამდე გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სოფელ ხოვლესა და ხანდაკში საჭიდაო მოედნების რეაბილიტაციას ეხება. თუმცა, 1 თებერვლის შემდეგ, ქეჩარუხის დასახლებაში, მეტეხის, სამებისა და ქვათახევის ქუჩებზე დაგეგმილ საკანალიზაციო სამუშაოებზე, კომპანიამ ადგილობრივები უნდა დაასაქმოს. ეს სამუშაოები თითქმის 1 მლნ ლარს აღწევს.

შესყიდვების კომისიის წევრი და მერის მოადგილე ზაზა მარიდაშვილი ამბობს, რომ საკითხზე, მერიის სახელით, მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

იდეას მოწინააღმდეგები უკვე გამოუჩნდნენ. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები თვლიან, რომ კასპის მერიის მოქმედება დისკრიმინაციულია და კანონს ეწინააღმდეგება. ისინი სატენდერო პირობებიდან აღნიშნული ნორმის ამოღებას ითხოვენ. მაგალითად, ასეთი კომპანიაა შპს ,,ადროიტი“, რომელიც თბილისში, საბურთალოზეა რეგისტირებული.

,,დისკრიმინაციულ მიდგომა გამოიხატება მასში, რომ შემსყიდველი განასხვავებს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, სხვა მუნიციპალიტეტში ან რეგიონში, მაგალითად იმერეთში, გურიაში მცხოვრებ მოსახლეობასთან. გაუგებარია, რას ერჩის და რით განასხვავებს იმერეთის, სვანეთის, გურიის და აჭარის მოსახლეობას შემსყიდველი ორგანიზაცია? საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის უფლება აქვს მისი წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მიუხედევად.“ - აღნიშნავს კომპანია ,,ადროიტის“ წარმომადგენელი ხათუნა ძიძიგური.

მისი აზრით, დარღვეულია შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნა. რადგან, იმთავითვე უპირატესობა ენიჭება პირს (კომპანიას) ვინც 70% კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრების დასაქმება ხელეწიფება ან უკვე კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მითითებული ოდენობით უკვე დასაქმებულია მის კომპანიაშია.

,,პროპორციული მოთხოვნა ვერანაირად ვერ იქნება სატანდერო პირობა ერთნაირად - ქუთაისელისთვის, სამტრედიელისთვის და კასპელისთვის. თანაც, სადავო პირობაში სად ჩანს ჯანსაღი კონკურენცია?“ - განმარტავს განცხადებაში.

კასპის მერიაში ფიქრობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ და შესაბამის გადაწყვეტილებას ელოდებიან. საჩივარი 20 თებერვალს განიხილება.

კომპანია ,,ადროიტის“ დირექტორი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განმარტავს, რომ მსგავსი ნორმა სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ უნახავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები