ახალი ამბები
ხიდისთავში გზას ,,ნიაღვრიდან ნიაღვრამდე" ასუფთავებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაქირავებული კომპანია, მთავარ გზას წმენდს. ,,საგზაო სამშენებლო #1"-ის თანამშრომლები სანიაღვრე სისტემას არ ეხებიან.

ამის გამო, სოფლის შესასვლელში, ქვედა უბანში მდებარე სახლები კვლავ დატბორვის წინაშე დგას. ნიაღვარი ატენის მხრიდან ყოველი წვიმის დროს ჩამოედინება. ორი დღეა, კომპანიის წარმომადგენლები გზას სწორედ ასეთი ნიაღვრისგან ჩამოტანილ ქვიშისგან ასუფთავებენ.

,,დავალებული გვაქვს, რომ გზა გავწმინდოთ, სანიაღვრე არხებს არ ვაკეთებთ.'' - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის წარმომადგენლებმა. გორის მერიაში ამბობენ, რომ საგზაო დეპარტამენტი კომპლექსურ სამუშაოებს აწარმოებს.

ხიდისთავის ქვედა უბნის პრობლემების შესახებ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მასალა ერთი თვის წინ მოამზადა. ზამთრის ნალექის (წვიმის) დროს, ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ახალი სანიაღვრე არხები გაკეთდეს, რომლითაც მოგვარდება პრობლემა.

ცნობისათვის, გასულ წელს, სოფელ ხიდისთავში, ცენტრალურ ნაწილში ახალი სანიაღვრე სისტემა დაამონტაჟეს, თუმცა, ეს პროექტი ქვედა უბანს (სოფლის შესასვლელში) არ შეხებია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები