ახალი ამბები
გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება
გარე დაკვირვების გავლის მსურველი უფროსი მასწავლებლების რეგისტრაციას ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი" აცხადებს. პროგრამა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, მიმდინარეობს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლის ცნობით, გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირება 2017 წელს შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონში განხორციელდა. პილოტირების რეჟიმში დარეგისტრირებული 105 მასწავლებელიდან გარე დაკვირვება 100-მა მასწავლებელმა გაიარა, რომელთაგან 86 შეფასდა დადებითად.

გარე დაკვირვება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში შემოწმებას ემსახურება, რომლის გავლაც უწევს უფროს მასწავლებელს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად.

გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა ან აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2018 წლის იანვრის თვეში გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შედეგად 42 მასწავლებელმა მოიპოვა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 44 მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილი აქვს 1 ან 2 კრედიტქულა დასაგროვებელი.

„პილოტირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ანალიზის შედეგად გამოვლენილი სუსტი მხარეები ცვლილების სახით შეფასების ინსტრუმენტებსა და გარე დაკვირვების წესში აისახა. ეს ცვლილებები მიმართულია პროცესის მაქსიმალურად ღია და ობიექტური წარმართვისაკენ. ასევე, გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან. რათა სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნოს როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. - ეს განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა გააკეთა.

რეგისტრაცია 19 თებერვლიდან - 26 თებერვლის ჩათვლით eschool-ის ელექტრონულ სისტემაში იწარმოებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები