ახალი ამბები
შშმ ბავშვთა უფლებების დამცველის ჯილდოს 14 მუნიციპალიტეტი ელოდება
დღეს გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს  დაასახელებენ. კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად ჩატარდა.

დაჯილდოების ცერემონია სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართება. ჯილდო გადაეცემა ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერი“-ის ფარგლებში იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც აქვთ საუკეთესო გამოცდილება და სოციალური პროგრამები.

კონკურსი გაეროს ბავშვთა ფონდმა და ანტი-სტიგმა მოძრაობამ „დაინახე ყველაფერი“ გამოაცხადა.

სხვადასხვა ნომინაციებში სულ მონაწილეობას თოთხმეტი მუნიციპალიტეტი იღებს. კერძოდ,

• ინკლუზიური და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის საუკეთესო გამოცდილება - ადაპტირებული ინფარსტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, გასართობი ადგილები და ა.შ.
• ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამების განვითარება და შემდგომი მხარდაჭერა.
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი მშობლების აქტიური ჩართულობით განხორციელებული ინიციატივის საუკეთესო მაგალითი.
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების ინოვაციური გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითი.

გამარჯვებულებს დაასახელებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

ანტი-სტიგმა მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

• გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;
• დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;
• ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;
• ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები