ახალი ამბები
გორის თეატრში ფილმი ,,ექვთიმე ღვთისკაცი" უჩვენეს (VIDEO)
გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი მეორე დღეა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ გადაღებულ ფილმის ჩვენებას მასპინძლობს. "ექვთიმე ღვთისკაცს" გორელ მაყურებელს დღესაც 19:00 საათზე წარუდგენენ.

პროექტი მოქალაქეებისგან გაღებული შემოწირულობების შედეგად განხორციელდა. ის პირველი მხატვრული ფილმია, რომელიც ქართველი ხალხის შემოქმედებად ითვლება. მისი რეჟისორი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძეა, თავად ექვთიმე თაყაიშვილის როლს კი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ფილმის სიუჟეტი ექვთიმე თაყაიშვილის ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას.



ისტორია ეხება საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდს, 1921-45 წლებს. ფილმში ექვთიმეს მეუღლის, ნინო პოლტორაცკაიას როლს, მსახიობი ანა წერეთელი თამაშობს.

შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი გუშინ გორის თეატრის სცენაზე წარსდგა და მაყურებელთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.



ფილმის ჩვენება 5 იანვრიდან, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლიდან, ლიხაურიდან დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ პრემიერა 20 იანვარს ფილარმონიაში შედგა. გორის შემდეგ კი ექვთიმე ღვთისკაცის ჩვენება ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი. შემოქმედებითი ჯგუფის განმარტებით, ფილმი, ექვთიმე თაყაიშვილის მსგავსად საქართველოს ყველა კუთხეს შემოივლის.





Print

სტატიის გამოყენების პირობები