ახალი ამბები
ოკამთან მომხდარ ავარიის საქმეზე ბრალდებული გამართლდა
სამართალდამცველებმა სრულად ვერ გამოიძიეს ავარიის საქმე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ავტობანზე შეემთხვათ. გორის მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, ძიების მასალები დაიწუნა.

ბრალდებულ პირის მიმართ კი, გამამართლებელი განაჩენი 2018 წლის 29 იანვარს გამოიტანა.

ადვოკატი ნინო შავშიშვილი ამბობს, რომ სასამართლო ექსპერტიზის თანამშრომლებმა საჭესთან მჯდომის ვინაობა ვერ დაადგინეს. ქსოვილის ნაწილაკების შესწავლითა და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით, ასევე, შეუძლებელია აღმოჩნდა იმის დადგენაც, თუ ვის ტანსაცმელს ეკუთვნოდა ისინი.

თვითმხილველების მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, ხეზე შეჯახებულ მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი უკანა სალონში, თანაც დაშავებულ მდგომარეობაში. ამ სამიდან ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე- უგონო მდგომარეობაში იყო, ხოლო მესამე, ღვინის ბოცთან ერთად, იჯდა.

პირი, რომელიც ღვინის ბოცთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ შეჯახების დროს, ეძინა და ვერ გაიგო, რა მოხდა. ბრალდებულიც ამბობს, საჭესთან თვითონ არ მჯდარა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სწორედ ბრალდებული იჯდა. მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილები ირიბ ჩვენებას, მესამე პირების მონაყოლის მიხედვით, აძლევენ.

რაც შეეხება ექსპერტებს, მათ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეუძლიათ განსაზღვრონ ავტომანქანის საჭესთან მყოფი პიროვნების ვინაობა. თუმცა, მოსამართლე მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ ვარაუდის დონეზე პირისთვის მსჯავრის დადება, კანონით დაუშვებელია.

ერთადერთი, რაც უტყუარად დასტურდება, არის ის, რომ იმ დღით, ახალგაზრდები ერთმანეთს სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდნენ. სუფრის შემდეგ, გორში წასვლა გადაწყვიტეს. შუაღამეს კი, თბილისში მეგობრების ნახვა. თან მეგობრების საპატივსაცემოდ, ღვინო წაიღეს.

დედაქალაქში ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდნენ. ,,ოპელი" ბრალდებულს ეკუთვნოდა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ იმ პერიოდისთვის მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, შესაბამისად მანქანა სამართავად მეგობარს გადასცა, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია.

დაახლოებით, ღამის 3 საათზე, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ავტობანზე მოცურდა და, უკანა სალონის მარცხენა მხრით, ხეს შეეჯახა. შედეგად კი, ერთი ადამიანი დაიღუპა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები