ახალი ამბები
კასპის მერი ახალ ტენდერებში ,,კასპელების დასაქმების" პირობას აღარ უთითებს
კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი უკან იხევს. ახალ ტენდერებში უარს ამბობს იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, სამშენებლო კომპანიამ, 70%-ის ოდენობით, ადგილობრივი მუშა-ხელი უნდა დაასაქმოს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2018 წლის 1 თებერვლიდან, მანუჩარ მერებაშვილმა ახალი ინიციატივა შემოიღო. ეს ინიციატივა სატენდერო წინადადებებაში ასახა და აღნიშნა, რომ კომპანიამ გამარჯვების შემთხვევაში, მუშა-ხელის 70% უნდა დაასაქმოს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები.

ახალი ნორმა კომპანია ,,ადროიტმა“ გაასაჩივრა და კასპის სამ ქუჩაზე, საკანალიოზაციო ქსელის მოწყობისთვის გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციიდან მისი ამოღება მოითხოვა. ,,ადროიტი" თბილისში, საბურთალოზეა რეგისტირებული.

,,დისკრიმინაციულ მიდგომა გამოიხატება მასში, რომ შემსყიდველი განასხვავებს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, სხვა მუნიციპალიტეტში ან რეგიონში, მაგალითად იმერეთში, გურიაში მცხოვრებ მოსახლეობასთან. გაუგებარია, რას ერჩის და რით განასხვავებს იმერეთის, სვანეთის, გურიის და აჭარის მოსახლეობას შემსყიდველი ორგანიზაცია? საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის უფლება აქვს მისი წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მიუხედევად.“ - აღნიშნავს კომპანია ,,ადროიტის“ წარმომადგენელი ხათუნა ძიძიგური.

,,საკანალიზაციო ქსელის სამუშაოებზე", რომლის საერთო ღირებულება 1 მლნ ლარს აღწევს, ნორმა ისევ ძალაშია, თუმცა 12 თებერვლის შემდეგ, 2 ახალ ტენდერში ეს პირობა აღარ ჩანს. შესყიდვების სააგენტოში საჩივარი გუშინ, 20 თებერვალს უნდა განხილულიყო, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც კი, ჯერ ცნობილი არაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები