ახალი ამბები
ხაშურელი დათოს მოგზაურობა ზოოპარკში (PHOTO)
დღეს დათო გვყავდა სტუმრად. ხაშურელი ბიჭი, ზოოპარკის დასათვალიერებლად რომ გამოიპარა თბილისში. ზოოპარკში პატრულის იმ ეკიპაჟმა მოიყვანა, რომელმაც გუშინ იპოვა ქუჩაში.

როგორ შეიძლება, აღვწეროთ ემოცია ბავშვისა, რომელიც ზოოპარკის დათვალიერებაზე ოცნებობდა და სიცოცხლეში პირველად მიეცა ამის საშუალება? წარმოიდგინეთ, ასე თქვა, ზოოპარკში ჩამოსვლა იმიტომ მინდოდა, რომ დავრწმუნებულიყავი, ცხოველები მართლა არსებობდნენ თუ არაო. აქამდე მხოლოდ ტელევიზორში ჰყოლია ნანახი და არ სჯეროდა, რომ ისინი რეალურები იყვნენ და არა - გამოგონილები, ან დახატულები. ეგ კი არა, ირემი რომ მიუახლოვდა მოსაფერებლად, გადაცმულია თუ ნამდვილიო, იკითხა. ხშირად ისმის-ხოლმე შეკითხვა, ზოოპარკი რა საჭიროაო?! საჭირო ყოფილა-თურმე... ფოტოები და ფილმები კარგია, მაგრამ როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ და შეიგრძნობ, ზუსტად იმგვარი აღფრთოვანება გეუფლება, როგორც დათოს. დღეს.

ზოოპარკი დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ დაათვალიერებინა. უბრალო დათვალიერება კი არ იყო, ცხოველებს ვოლიერებში ესტუმრა. ლემურები, სპილოები, აქლემი, ალპაკები და ირემი გამოკვება, გველებს და ეუბლეფარს მოეფერა... გველის შეეშინდა თავიდან და ექსკურსიის ბოლოს უკან მიგვაბრუნა ეგზოტარიუმში - პირველი შიში ინტერესმა დაძლია. ანთებული თვალებით ეხებოდა გველს და თან კითხულობდა - „ნამდვილია? ნამდვილია?“. ლომები მოეწონა ძალიან. რომ გამოლაგდა ეს ჩვენი ულამაზესი პრაიდი, ასე აღმოხდა გაოცებულს - „ბიიიიჭოოოოოო“!

მშობლების უკითხავად გამოპარვა, თავისთავად, სულაც არაა მისაბაძი საქციელი. ეს ამბავი გზავნილი უნდა იყოს მშობლებისთვის, რომ რამენაირად მოიცალონ და როგორმე შეძლონ ბავშვებისთვის მათი ბავშვური, მარტივი ოცნებების ახდენა. მაგალითად იმგვარის, როგორიც ცოცხალი გარეული ცხოველების ნახვაა ზოოპარკში. და მოიყვანონ ზოოპარკში. თუნდაც ხანდახან, თუნდაც იშვიათად, ერთხელ მაინც...

დათოს, ცხოველების განუსაზღვრელი სიყვარულისთვის, თბილისის ზოოპარკის საპატიო მეგობრის წოდება მივანიჭეთ და სერტიფიკატიც გადავეცით. ზოოპარკის ერთწლიანი აბონემენტითაც დავასაჩუქრეთ. ზოგჯერ ხომ მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი ოცნებების ასასრულებლად...

აწი დათო ხშირად გვესტუმრება. ოღონდ - უკვე უფროსებთან ერთად.

თბილისის ზოოპარკის ადმინიატრაცია



Print

სტატიის გამოყენების პირობები