ახალი ამბები
გორის ,,ოკუპაციის მუზეუმი" 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შედეგებს ასახავს
მუზეუმის საგამოფენო სივრცე დღეს ქვეყნის პირველმა პირმა დაათვალიერა. გიორგი მარგველაშვილს, ექსპონატების შესახებ, ინფორმაცია  ,,მეგობრობის ხიდი ქართლოსის"  ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა მიაწოდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ განახორციელა. პროექტის მიზანია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობაა.

,,მუზეუმში განთავსებული ბანერები 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შედეგებს ასახავს. საგამოფენო სივრცე დეტალურ ინფორმაციას მოიცავს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების, ექიმების ჟურნალისტების, სამხედრო მოხელეებისა და ა.შ. სტატისტიკის შესახებ. დამთვალიერებელი აქ ოკუპირებული სოფლებზე აქამდე უცნობ დეტალებს შეიტყობს." - აღნიშნავს მუზეუმის დაარსების ინიციატორი.

პრეზიდენტი დღეს ერთ-ერთი სოფლიდან დევნილ ახალგაზრდასაც შეხვდა, რომელმაც ამ მუზეუმში დამწვარი სახლის გასაღები მიიტანა. ლელა მაზმიშვილმა ქვეყნის პირველ პირს პირადად უამბო აჩაბეთის დატოვების ბოლო წუთებისა და რელიქვიად შემონახული გასაღების ისტორიის შესახებ.

დღესვე ორგანიზაცია ქართლოსის ხელმძღვანელმა მისი რედაქტორობით გამოცემული ორი წიგნი ,,ომის სხვა სახე“ და ,,ექიმები მშვიდობისათვის“ გადასცა, რომლებიც კონფლიქტების ფონზე ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთდახმარებასა და თანამშრომლობას ასახავს. მუზეუმის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა უკვე სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და საზოგადოებას საგამოფენო სივრცის მნიშვნელობაზე საკუთარი შეხედულება გაუზიარა.

მუზეუმის როლზე ახალგაზრდებთან მიმართებაში კომენტარი ქალაქის მერმაც გააკეთა. საგამოფენო სივრცე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერეს.

საგამოფენო სივრცის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში მოეწყობა. ოკუპაციის მუზეუმი გორის შემდეგ შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი საგამოფენო სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები