ახალი ამბები
1921 წელს დახვრეტილი გორელი თავადი პეტრე ფავლენიშვილი
შსს-ს არქივში დაცულია 42 წლის პეტრე მიხეილის ძე ფავლენიშვილის წერილი, რომელიც 1921 წელს დახვრიტეს იმის გამო, რომ მსახურობდა 1918-21 წლებში, საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურში. 

წარმოშობით თავადი ცხოვრობდა გორის მაზრაში. სპეციალობით იყო იურისტი. მიღებული ჰქონდა სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამი კურსის განათლება, 1914 წლამდე მუშაობდა პეტროგრადის საოლქო სასამართლოში.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სწავლა გააგრძელა გატჩინის სამხედრო სკოლაში, მისი დამთავრების შემდეგ, გადაიყვანეს პეტროგრადის სამხედრო სასწავლებელში, 1917 წლამდე რუსული არმიის სხვადასხვა ნაწილში მსახურობდა, შემდეგ კი,  ვლადიკავკაზში კონტრადაზვერვის განხრით გადაიყვანეს.

როგორც ჩანს, ვლადიკავკაზში რუსეთის სოციალისტურმა რევოლუციამ მოუსწრო,  გაანთავისუფლეს სამსახურიდან და 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში, თბილისში. ეს ის სწორედ ის პერიოდია, როცა ყალიბდებოდა ქართული ჯარი.

ფავლენოვი, როგორც ოფიცერი და გამოცდილი სპეციალისტი, ბაგრატიონ-დავიდოვმა მიიწვია კონტრდაზვერვის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ამ დროიდან მოყოლებული, ფავლენიშვილი წარმატებით ახორციელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო ვლადიკავკაზში სამხედრო მისიით წასული და დაკარგული მზვერავის, წარმოშობით ლიტველი მალლერ გუგოს კვალის მოძებნა.

1921 წლის იანვარში ფავლენიშვილი ბათუმში გაგზავნეს. მე-11 არმიის შემოსვლის დროს, ის, სწორედ, ბათუმში იყო. შეეცადა ემიგრაციაში წასვლას, მაგრამ დაბრკოლებების გამო სადგურ ნატანებში ჩარჩა. ამის შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება, არ დამალულა, ბოლოს დააპატიმრეს. ეს მოხდა აპრილში.

საქართველოს რევკომის თავმჯდომარეს:

,,4 დღე არის, რაც ჩამოვედი მე ბათომიდან, სადაც ვიყავი გაგზავნილი კომანდიროვკაში 22 იანვარს. მე ვმსახურობდი კონტრდაზვერვის ნაწილში გენერალურ შტაბის განყოფილებაში საქართველოს სამხედრო სამინისტროში. ჩამოსვლის შემდეგ მე გამოვცხადდი რეგისტრაციაში და მივიღე ანკეტა. რადგანაც მე მითხრეს, რომ უნდა გამოვცხადდეთ საგანგებო ნაწილშიო. მე თვითონ მივედი ამხ. ნიკოლაევთან, რომელმაც ემსააც დამატუსაღა. მე ჩემს დღეში არ ჩამიდენია იმასათანა არაფერი, რაზედაც შეეძლოთ ჩემი დატუსაღება. თუ იმიტომ დამიჭირეს, რომ მე ოფიცერი ვარ და ვმსახურობდი კონტრდაზვერვის ნაწილში - მაგაზე მე მგონია, რომ არ უნდა დამიჭირონ, რადგანაც გამოცხადებულია ამნისტია. თუ სხვა რამე ბრალმდება - გეფიცებით სამშობლოს - რომ სულ ტყუილი იქნება და ალბათ ტყუილად ვარ დაბეზღებული ვიღაცისაგან. მე მინდოდა კიდეც შევსულიყავი სამსახურში თხოვნით და კეთილი გულით მემსახურა, გთხოვთ, უმორჩილესად, როგორც ქართველი, გამათავისუფლოდ“ (სტილი დაცულია).

დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმე განსახილველად გადაეცა მე-11 არმიის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას. ამავე დადგენილებას ადევს 1921 წლის 15 ივნისით დათარიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, პეტრე ფავლენიშვილს მიესაჯა დახვრეტა!
Print

სტატიის გამოყენების პირობები