ახალი ამბები
გორის 1-ლი და მე-12 სკოლები ,,ნიკო კეცხოველის პრემია - 2018"-ის ფინალში არიან
დღეს, გორში, ,,ნიკო კეცხოველის პრემია - 2018"-ის ფინალისტები გამოვლინდნენ. 4 გუნდს შორის გორის პირველი და მე-12 სკოლების მოსწავლეები მოხვდნენ.

კონკურსი შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებისათვის ტარდება. 19 სკოლას 128 მონაწილე წარმოადგენს.

ნახევარფინალურ ტურს გორის სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა წარმატება უსურვა კონკურის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ გორის უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს უჭერს ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ჩართულობას გარემოსდაცვით, სათემო და საგანმანათლებლო პროექტებში. კონკურსის დასასრულს საკუთარი წიგნებით დააჯილდოვა ფინალურ ტურში გადასული სკოლების მოსწავლეები.

გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა ფინალში გადასული გუნდები მერიაში მიიპატიჟა, სადაც საზეიმო ცერემონია სამშაბათს, 27 თებერვალს გაიმართება.

ყოველწლიური სასკოლო პრემია 2015 წელს დაფუძნდა. ოთხი წლის განმავლობაში კონკურსში ათასამდე სკოლა და ასზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა.

კონკურსი მოიცავს გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე. მონაწილე სკოლები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კვლევასა და ადვოკატირებაში, განვითარების პროგრამების შემუშავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში. პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ოკუპირებული შიდა ქართლის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის პირას არსებული სოფლების სკოლები.

პროექტი ხორციელდება CENN–ის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამხარეო ადმინისტრაციები, თვითმმართველობები, ასევე კერძო კომპანიები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები