ახალი ამბები
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი დამატებითი ზომების მიღებას ითხოვს
„სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ბოლო მოვლენები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი და ორი მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა." - აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.

ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,სამძიმარს ვუცხადებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ ისინი თბილისის ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე გაემგზავრნონ“.

„ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა დამატებითი ზომები გამჭვირვალობისა და ნდობის უზრუნველყოფისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერია განცხადებაში.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშიროების სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დღისით ლენინგორში (ახალგორი) დააკავეს და დასაკითხად ცხინვალში ჩაიყვანეს. ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები