ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეზე ხელისუფლებას წითელი ჯვრისთვის არ მიუმართავს
ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საქმეზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის არ მიუმართავთ. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორგანიზაციაში განუცხადეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თუკი მათ მიმართავს ხელისუფლება ან ოჯახი,  გადმოსვენებაში მონაწილებას მიიღებენ:

,,თუკი მოგვამრთავს ოჯახი ან ხელისუფლება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ცხადია, მზადაა მონაწილეობა მიიღოს ბატონი ტატუნაშვილის ცხედის გადმოსვენებაში, გამომდინარე ნეიტრალური შუამავლის სტატუსიდან, რაც ორგანიზაციას გააჩნია. თუკი რაიმე ახალი გაირკვევა, დამატებით გაცნობებთ" - მოგვწერეს ორგანიზაციიდან.

ცნობისათვის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს წარმომადგენლობა ცხინვალშიც ჰყავს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, ყოველწლიურად, საშუალოდ 250 ადამიანი თბილისისა და გორის საავადმყოფოებში გადაჰყავთ სამკურნალოდ.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 5 წელიწადში ამ ციფრმა 1000-ს მიაღწია.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი იყო. ის 22 თებერვალს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგუშაგოზე, ორ პირთან ერთად, დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვლის დილით ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებული მოულოდნელად გარდაიცვალა, აღიარეს, რომ დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება დაჭირდათ, თუმცა გარდაცვალების ფაქტთან კავშირი გამორიცხეს.

ოჯახის წევრები, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას სამი დღეა ელოდებიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები