ახალი ამბები
პრეზიდენტს გორში სტუდენტებმა ოსებთან ურთიერთობის საკითხზე დაუსვეს კითხვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც რუსეთთან კონფლიქტის, ოსებთან ურთიერთობაზე და ვიზისლიბერალიზაციის გაუქმების საშიშროებაზე დაუსვეს კითხვები.

"ყველა პროპაგანდისტული მანქანა იმუშავებს იმისთვის, რომ თქვენ ცოტა მაინც შეეჩვიოთ ამას. ცოტა მაინც თქვათ, რომ "ჰო რას იზამ, ასეა", - აი ამის თქმა ნიშნავს იმ ტერიტორიის დაკარგვას, ამის თქმა ნიშნავს, ჩვენი სამშობლოს დაკარგვას. არასდროს არ უნდა შევეჩვიოთ ამას და მუდმივად უნდა ვიყოთ ძალიან მძაფრად დაპირისპირებული იმასთან რაც ხდება, და რაც გააკეთეს. სწორედ გორში მინდა ვთქვა, რომ, ჩვენ და ოსებს გვაქვს საერთო მომავალი, ოსები შეადგენდნენ ქართული საზოგადოების შემადგენელ, ძალიან სერიოზულ ძარღვს ჩვენი ერთიანი საზოგადოებრივი სხეულისა, საზოგადოებრივი სივრცისა. არაერთი შერეული ოჯახი, არაერთი ძალიან მამაცი ოსი არსებობდა და არსებობს, რომელიც ერთიანი საქართველოსთვის მოღვაწეობდა. მათ საქართველოს მომავალში აქვთ ძალიან კეთილი და მნიშვნელოვანი სიტყვა სათქმელი. საქართველო ძლიერი იქნება მაშინ, როდესაც გამთლიანდება თანხმობით და არა ომით.

რუსებმა მოახერხეს და დაპირისპირების ინსპირაცია გააკეთეს. მთავარი დარტყმა, რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ, მოხდება სწორედ მაშინ, როცა ქართველები და ოსები თავის საერთო წარსულს და გამოცდილებას გაიხსენებენ. იმ საუკუნეებს გაიხსენებენ, როდესაც ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. ეს იქნება პირდაპირი დარტყმა რუსეთის პოლიტიკაზე. თუ გაქვთ ოს თანამემამულესთან ურთიერთობა, თუ რაღაცას გეგმავთ, თუ რაღაცას საუბრობთ, თუ გყავთ საერთო ნათესავები - ეს არის სიძლიერე საქართველოსი," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი თქმით, სწორედ ამ სიძლიერეს დაარტყეს ორი დღის წინ, როდესაც ჩვენი თანამებრძოლი მოკლეს ახალგორში.

"ამაზე იყო აქცენტი, იმიტომ რომ იქ იყო უკვე დაწყებული მეგობრობა, რაღაც ერთიანი კომერციული ინტერესები და ამას ურტყამს ხოლმე ყოველთვის რუსი. თქვენი ძალა, თქვენი იარაღი ის ურთიერთობაა, რაც გაქვთ ოსებთან და ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს. ამ ურთიერთობას დაარტყა რუსეთმა 90 -იანებშიც, ამ ურთიერთობას ურტყამდა 2008 წელს, ამ ურთიერთობის პირდაპირი დარტყმაა მავთულხლართები, რასაც აქ აგებენ," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გორის უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც კამპანიის მიმდინარეობისას საქართველოს ყველა რეგიონში გამოიფინება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები