ახალი ამბები
გორში მარტოხელა მშობლების თემატიკაზე ფოტოგამოფენა 1 მარტამდე გრძელდება
გახსნაზე მარტოხელა მშობლები მიიწვიეს. ფოტოების დათვალიერების შემდეგ, მათ სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფო რუსეცკი შეხვდა
გორში, ევრორეგიონული უნივერსიტეტის ინტერიერში მარტოხელა მშობლების თემაზე გადაღებული ფოტოებია გამოფენილი. ისინი ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდმა ფოტოკონკურსის შედეგად გამოავლინა. გამოფენა 1 მარტამდე გრძელდება.

ფოტოგამოფენა ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა მოაწყეს. გახსნაზე მარტოხელა მშობლები მიიწვიეს. ფოტოების დათვალიერების შემდეგ, მათ სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფო რუსეცკი შეხვდა და, როგორც მარტოხელა დედამ, შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

პირველი ადგილი ცია ლაბაძის ფოტოპროექტმა დაიკავა – მარტოხელა მამა მინდია ბოკუჩავა მეუღლემ მიატოვა და სამ შვილს მარტო ზრდის. 10 წლის მარი და 9 წლის საბა მამასთან ცხოვრობენ, უმცროსი შვილი კი, სახსრების უქონლობის გამო, დროებით თავის დასთან გაგზავნა საცხოვრებლად. ისინი ანაკლიის სოფელ ჭითაწყალში ცხოვრობენ. მინდია სამშენებლო მასალებზე ოცნებებს, რომ მისი შვილებისთვის სახლი ააშენოს.

მეორეადგილოსანი შიო ხიდაშელის ფოტოპროექტი გახდა – სოფელ ნასაკირალში მცხოვრები ეკომიგრანტები. მარტოხელა დედებიდან ზოგი ქვრივია, ზოგი მიატოვეს. ისინი მარტო ზრდიან შვილებს და სხვა საქმეებსაც დამოუკიდებლად უმკლავდებიან. სურთ, რომ სოფელში ბაღი დაარსდეს, რათა დრო მუშაობისთვის მეტი დრო ჰქონდეთ.

მესამე ადგილი კი ეკა ხალიანის ფოტომ დაიკავა – მარტოხელა მამა იმედა სილაგაძე მარტო ზრდის ტყუპებს – ჯაბას და ფატიმას. მათ დედა 1 წლის წინ გარდაეცვალათ. ისინი ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ ჩხუტელში ცხოვრობენ.

„ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი“ ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“. პროექტის მიზანია მარტოხელა მშობლების (განსაკუთრებით კი მარტოხელა დედების) უნარების გაძლიერება, საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში მონაწილეობა და ამ კუთხით არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები