ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში რძის ნაწარმის მარაგი იწურება - ახალი ტენდერი კი ჩავარდა
ხვალ, 28 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სადისტრიბუციო კომპანია, რძის ნაწარმის მისაწოდებლად, ბოლო რეისს განახორციელებს. ახალი ტენდერი კი, რომელიც 2018 წლის 1 მარტიდან 31 მარტამდე, ამ პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფდა, ჩავარდა. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო გადაუდებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.

საქმე იმაშია, რომ 2018 წლის 16 თებერვალს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ, ახალ ტენდერში, სამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

საბავშვო ბაღების სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დამადასტურებელი დოკუმენტი. მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაში, ძირითადად, მანქანა-მაცივრები აინტერესებთ.
ხვალიდან, 28 თებერვლიდან კი, ძველ კომპანიასთან ხელშეკრულების ვადა მთავრდება.

ამჟამად, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო ცდილობს ისეთ სადისტრიბუციო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომლებიც ხაჭოს, კარაქს, ყველს, შესქელებულ რძეს, მაწონს, პასტერიზეულ რძეს და არაჟანს მარტის შუა რიცხვებამდე ბაღებს, ტენდერის გარეშე, მიუტანს.

ამჟამინდელი ტენდერი უარყოფითი შედეგით, 16 თებერვალს დასრულდა. საწყისი ღირებულება 121 800 ლარი იყო, მონაწილეობა სამმა, თბილისში რეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. სამივეს დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება მიეცა.

შპს ,,მიალემ“ მიუთითა 115 158 ლარი, შპს ,,სელ გრუპიმ“ 106 692 ლარი, ხოლო შპს ,,ტენდერი 123“-მა 104 795 ლარი მიუთითა. არც ერთ მათგანს ,,მანქანა-რეფრეჟერატორების“ შესახებ ინფორმაცია არ წარუდგენია.

კომპანიებს ამ ეტაპზე შედეგები არ გაუსაჩივრებიათ.

საქართველოს მასშტაბით, შპს ,,სეილ გრუპს" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიღებული აქვს 97 ტენდერში, სადაც გამარჯვებული გამოვიდა 40 ტენდერში, საერთო ღირებულებით 2,8 მლნ ლარი. შპს ,,მიალეს" მონაწილეობა მიღებული აქვს 32 ტენდერში და მოგებული აქვს მხოლოდ 8 ტენდერი, დაახლოებით 121 ათასი ლარის ფარგლებში. რაც შეეხება მესამე კომპანიას, შპს ,,ტენდერი 123"-ს მონაწილეობა მიღებული აქვს 141 ტენდერში და გამარჯვებულია 67 ტენდერში, საერთო ღირებულებით 2 მლნ 521 ათასი ლარით.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები