ახალი ამბები
გუბერნატორი ამტკიცებს, რომ სამსახურებრივი მანქანების ჯარიმები საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა
შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გუბერნატორმა კახა სამხარაძემ სამსახურებრივ მანქანაზე, ერთი წლის განმავლობაში, დაგროვებული ჯარიმები საკუთარი ხელფასიდან დაფარა.

ამის შესახებ განცხადება ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული ორი ჯიპი, 2017 წლის მაისიდან 2018 წლის თებერვლამდე 7-ჯერ დააჯარიმეს. ამათგან, ერთ ჯარიმაზე საურავებიც დაარიცხეს.

ფაქტის შესახებ გუბერნატორმა და მერმა არაფერი იცოდა, რადგან აღნიშნული მანქანები, კვლავ 2014 წელს მოქმედი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე ირიცხება. გუბერნატორმა ამ ინფორმაციას ბინძური სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ჯარიმების გარდა, შიდა ქართლში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

,,მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ბოლო დროს უსაფუძვლოდ ატეხილ აჟიოტაჟს. იქიდან გამომდინარე, რომ გუბერნატორს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი, მერიასთან გაფორმებულია უზურფრუქტის ხელშეკრულება კონკრეტულ ავტომობილზე, რომლითაც მე ვსარგებლობ. რადგან აღნიშნული ავტომობილი ირიცხება მერიის ბალანსზე, სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმა, რომლის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი, გაიგზავნა მერიაში. ჯარიმის მიღება, სამწუხაროდ დაემთხვა მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესს, მოხდა გაუგებრობა და ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორამცია ჩემამდე არ მოსულა. ამის შესახებ შევიტყვე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რის შემდეგაც იმავე დღეს ჯარიმა გადავიხადე პირადი სახსრებით და ბინძური მანიპულაცია, თითქოს აღნიშნული ჯარიმის გადახდა მოხდა საბიუჯეტო სახსრებით, არის სიცრუე და ტყუილის ტირაჟირება." - აცხადებს გუბერნატორი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ჯარიმები უკვე გადახდილი იყო, არამედ, სითი პარკის მონაცემებზე დაყრდნობით, ჯარიმა კვლავაც გადაუხდელი იყო. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სითი პარკის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა წარწერა ,,მუშავდება" - წარწერა ,,გადასახდელიას" ნაცვლად.

გუბერნატორი ამბობს, რომ 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა 35 მლნ ლარის ღირებულების 200 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც რატომღაც იგივე მედია საშუალებები ყურადღებას საერთოდ არ უთმობენ. თუმცა, არ უთითებს, თუ რომელი თემა არ მოხვდა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ყურადღების ცენტრში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები