ახალი ამბები
არჩევიდან 100 დღის შემდეგ გორის მერი დაგეგმილ პროექტებს შეეხო
გორის დემოკრატიის სკოლაში გორის მერმა 26 თებერვალს 100 დღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. 3-საათიანი შეხვედრის პირველი ნაწლი პრეზენტაციას დაეთმო, მეორე ნაწილში კი კონსტანტინე თავზარაშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

ქალაქის მერმა დამსწრეებს, რომელთა უმრავლესობას გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელები შეადგენდნენ, დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კონსტანტინე თავზარაშვილმა მუნიციპალური ტრანსპორტის, სტიქიური ნაგავსაყრელის და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებაზე ისაუბრა. გარდა ამისა მერმა გამოცხადებულ 21 ტენდერზეც ისაუბრა, რომლის საერთო ღირებულება 6 757 888 ლარს შეადგენს. 

მერმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტრომ სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა მუნიციპალიტეტებს დაავალა და ამ ეტაპზე სკოლების შესწავლა მიმდინარეობს, სადაც ამ მხრივ რთული მდგომარეობაა.

დამსწრეთა შეკითხვები ძირითადად ხელფასების მატებას, სამუშაო ადგილების არ არსებობას და მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგად, კადრების შერჩევის კრიტერიუმებს ეხებოდა.

შეხვედრის ინიციატორი იყო აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD). ორგანზაციის ადგილობრივი კოორდინატორი, ზაზა ჭიპაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის მიზანს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ მმართველობას შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში ხელშეწყობა წარმოადგენდა. გორის დემოკრატიის სკოლა ადგილობრივ ხელისუფლებასტან აქტიურ თანამშრომლებას და გარემოს დაცვის მიმართულებით ადვოკატირების კამპანიას აპირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები