ახალი ამბები
შინდისში დაღუპული სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლი დაიდგმება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობა გრძელდება. პროექტის გასაგრძელებლად თავდაცვის სამინისტრომ ასი ათასი ლარი გამოყო.

მემორიალის იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე დაღუპული ქართველი სამხედროების მშობლებს დღეს შინდისში შეხვდნენ. მოქანდაკემ და იდეის ავტორმა შინდისში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პროექტის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი და მეტალის ფიგურების დამზადება ორ თვეში დასრულდება.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მათ გმირის წოდება მიანიჭეს, ხსოვნის უკვდავსაყოფად კი, 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები