ახალი ამბები
კარალეთის კოტეჯში შექმნილი ,,აჩაბეთის სამყარო“
მერი ვახტანგაშვილის ოჯახში პატარა აჩაბეთია მოწყობილი. მისმა ვაჟმა ქაღალდებისგან იმ ადგილის მაკეტი გააკეთა, სადაც ყოველ საღამოს თანასოფლელები იკრიბებოდნენ. წმინდა ევსტატეს სამლოცველოსა და მისი ეზოს ანალოგს ახლა შვილიშვილები უვლიან. ყოველდღიურად, ლამაზი ქვებით ალამაზებენ.

მერი ვახტანგაშვილს ამჟამად ოთხი გოგო, ერთი ვაჟი და 9 შვილიშვილი ჰყავს. მკერავია და 1975 წლიდან 1989 წლამდე ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. ხელობას დღესაც იყენებს და უამრავი კლიენტი ჰყავს. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში, სტრესი და ნერვიულობა განიცადა, ჯანმრთელობა შეუსუსტა. კერვაში დამხმარედ რძალი ხატია ღამბაშიძე ჰყავს. მერი ვახტანგაშვილი და ხატია ღამბაშიძე ერედვიდან არიან. 

დღეს ორივე მათგანის მშობლიური სოფელი ერედვი, აჩაბეთთან ერთად, ოკუპირებულია და სახლები მიწასთან არის გასწორებული.

,,ცხინვალის სამკერვალო ფაბრიკაში 1975 წლიდან ვმუშაობდი. ერთად ვმუშაობდით ოსი, ქართველი, სომეხი, ებრაელი. შესვენების დროს, ფაქტობრივად, ერთი ქვაბიდან თუ თეფშიდან ვჭამდით. ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა, შეიძლება ითქვას დედაშვილური, ნათელა ცხოვრებოვასთან. როდესაც კონფლიქტი გაღვივდა, ეს იყო 1988 წლის შემდეგ, ეს ქალი შემხვდა ცხინვალში, გამეხარდა მისი დანახვა. ნათელა დეიდა, როგორ ხარ - მეთქი. შემომხედა თვალებში და ძალიან ცუდად მომმართა. დღემდე არ დამავიწყდება ეს სიტყვები და ძალიან მეწყინა. ასე მოხდა, როცა მესამე ძალა ჩაერია. საერთოდ, ორი ადამიანის ურთიერთობაში მესამე არ უნდა ჩაერიოს,“ - იხსენებს ქალბატონი მერი.

90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, მერი ვახტანგაშვილი და მისი ოჯახი საცხოვრებლად აჩაბეთში გადავიდა. ცხოვრება თავიდან დაიწყეს. სროლებს და დაძაბულ სიტუაციებს შეეჩვივნენ. მიუხედავად ამისა, ეს სოფელი, უბანი და მეზობლები დღემდე ენატრება.

,,ძალიან კარგი მეზობლები მყავდა. ჯერ ცხინვალის სახლი დავკარგეთ, შემდეგ - აჩაბეთი. ეს მეზობლებიც სულ აქეთ-იქით არიან დაფანტულები, ზოგი სად ცხოვრობს, ზოგი - სად. ჩემ მდგომარეობას ახლა ჩემი შვილი, რძალი და შვილიშვილები მიმსუბუქებენ. მათ აქ ახალი სამყარო შემიქმნეს,“ - ამბობს მერი ვახტანგაშვილი.

რძალს შვილებისგან არ არჩევს და ხელობაში გვერდით უყენია. ხატია ღამბაშიძე ამბობს, რომ დედამთილის საქმიანობას გააგრძელებს. მას და მის მეუღლეს უკვე სამი შვილი ჰყავთ. 2008 წლის ომის დროს, ერთი შვილი ჰყავდათ, ისიც ერთი წლის ასაკის.

,,როცა დავოჯახდით, მე 21 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე - 22-ის. მე თვითონ ერდვიდან ვარ წარმოშობით. ჩემი უფროსი შვილი მაშინ ერთი წლის იყო. ომი რომ გაჩაღდა, იქ ვიყავით, დროულად გამოვასწარით საშინელებას. „ - ამბობს ხატია ღამბაშიძე.

მისი შვილებიდან, რა თქმა უნდა, არც ერედვი და არც აჩაბეთი არც ერთს ახსოვს. მშობლიურ სახლ-კარს და სოფლებს გადარჩენილ ფოტოებზეღა ხედავენ.

,,ერთხელ ჩემი შვილი მოულოდნელად წამოხტა, მოძებნა ეს ქაღალდები, რაღაც უნდა გავაკეთოო. მერე კენჭები მოითხოვა. თურმე აჩაბეთის ნოსტალგია ისე მოსძალებია, რომ ეს სალოცავი გააკეთა. ახლა ამბობს, ჩვენს სახლსა და ეზოსაც გავაკეთებო" - ამბობს მერი ვახტანგაშვილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები