ახალი ამბები
გორის მერიის მანქანის მძღოლი რესტორან ,,თაღლაურასთან" დააჯარიმეს
გორის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მძღოლი თბილისში, რესტორან ,,თაღლაურასთან" დააჯარიმეს. ამის ამსახველ ფოტოებს ,,სითი პარკი" ავრცელებს.

სითი პარკის თანამშრომელმა ლექსუსის მარკის ავტომანქანა ,,თაღლაურასთან" საღამოს 10 საათზე დააფიქსირა. ამავე ორგანიზაციის ვებგვერდზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით, დღეის მდგომარეობით, გორის მერიას სულ 980 ლარი აქვს გადასახდელი.

დავალიანებები, 2016-2017 წლებში, საგზაო მოძრაობის ან დგომის წესების დარღვევამ გამოიწვია. გამოწერილ ჯარიმების უმრავლესობას საურავი დაეკისრა.

ჯარიმების დიდი რაოდენობა დაეკისრა მაგალითად ,,ტოიოტა ქამრის" მძღოლსაც. სითი პარკის მონაცემებით, მისი ჯარიმის ოდენობა 510 ლარს აღწევს.

2018 წლის 27 თებერვლამდე ეს თანხა 1190 ლარს შეადგენდა. ამ თანხაში გუბერნატორის ადმინისტრაციაზე თხოვების ხელშეკრულებით გაფორმებული, თუმცა მერიის ბალანსზე მყოფი მანქანების ჯარიმებიც შედიოდა. მას შემდეგ რაც ჯარიმების შესახებ მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა, გუბერნატორმა, 210 ლარი საკუთარი ხელფასიდან გადაიხადა. ამჟამად, ჯარიმა-საურავების ოდენობა 980 ლარს შეადგენს.



 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები