ახალი ამბები
ლილი ბესტაევი ერგნეთიდან
ლილი ბესტაევი ერგნეთში ცხოვრობს. მამისაანთუბნელია. მამისაანთუბანი ქალაქ ცხინვალს ემიჯნება. იქვე ახლოსაა კასრანთუბანიც.

მეუღლე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გარდაეცვალა. საომარი მოქმედებების დროს, ცოლი და ქმარიც სოფელში იმყოფებოდა. თუ რა გადახდათ თავს ბესტაევ-კასრაძეებს ომის პერიოდში, ამაზე ცალკე სტატია მომზადდება. ლილი ბესტაევი ყვება, რომ საომარი მოქმედებების დროს, შეხვდა როგორც გაღიზიანებულ ოსებს, ასევე, ომში იძულებით ჩათრეულ ცხინვალელებს. რუსეთის სამხედრო ნაწილებს შორის კი, კარგად ახსოვს ჩეჩენი მეომარი, რომელიც მას ,,დედას“ უწოდებდა.

,,ეს ჩეჩენი მეომარი სულ ასე მეძახდა: დედი, დედი, ნუ გეშინიაო. დედამისს დაურიგებია, ქართველი არასოდეს მოკლაო და ცდილობდა ეს აესრულებინა.“ - იხსენებს ლილი ბესტაევი.

ომისგან მიღებული ტრავმების გამო, მეუღლეს ჯანმრთელობა შეერყა. ახლა სახლში შვილიშვილებზე ზრუნავს, თუმცა მეუღლის სიკვდილისგან გამოწვეული განცდა მაინც არ უნელდება. ,,ადამიანს მეუღლე სიბერეშიც ჭირდება. ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მჭირდება ჩემი მეუღლის თანადგომა. მაგრამ რას ვიზამ, ცხოვრებას ვერ დავაბრუნებ უკან“ - ამბობს ლილი ბესტაევა.

უკან კი, სოფელ მამისაანთუბანში გატარებული წლებია, სადაც თავის მომავალ მეუღლეს შემთხვევით შეხვდა. ,,ცხინვალში ოლიმპიადაზე იყო, კასრაძეების უბანში მამიდა ჰყავდა. ცხინვალიდან რომ ფეხით მოდიოდნენ, გზაზე შემხვდნენ და ის და მისი მეგობრები. გამომელაპარაკა, სახლს ხომ ვერ მიმასწავლიო. ვითომ არ იცოდა მამიდამისის სახლი. მერე სახლში შემოვიდნენ, ვითომ რაღაც გაუფუჭდათ და დახმარება ითხოვეს, მოკლედ ასე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და შევქმენი მასთან ოჯახი. არც მინანია და ხომ გეუბნებით, სიბერეში უფრო მჭირდება მისი თავი" - იხსენებს ლილი ბესტაევა.

ლილი ბესტაევი ცნობილი ოსი მწერლის, გიორგი ბესტაუთის ძმისშვილია. გიორგი ბესტაუთმა ქართულიდან ოსურად თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი“. ცოტა ხნის წინ, ეს წიგნი ქალბატონმა ლილიმ ერგნეთში ქართველ მწერლებს დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს და რატი ამაღლობელს აჩუქა. როგორც გაირკვა, ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანის“ ერთადერთი ეგზემპლარიღა აღმოჩნდა. დათო ტურაშვილი აპირებს, რომ წიგნი ერგნეთში ,,ომის მუზეუმს“ გადასცეს.

ერგნეთში ლილი ბესტაევმა დათო ტურაშვილს ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი" აჩუქა


ლილი ბესტაევი-კასრაძეს ომის დროს მიღებული ტრავმა დღესაც აწუხებს. ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა მებრძოლებმა 10 წლის წინ სცემეს, მხოლოდ, იმის გამო, რომ ეთნიკურად ქართველი ოჯახის წევრია. მისი ბიძა, პოეტი გიორგი ბესტაევი (ბესტაუთი) ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორია. ლილი ბესტაევმა წიგნი ქართველ მწერლებს, დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს და რატი ამაღლობელს ერგნეთში აჩუქა.

შეხვედრა ,,ომის მუზეუმში" გაიმართა, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ დააფუძნა. ლილი ბესტაევი ამ მუზეუმის საპატიო სტუმარია. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ მუზეუმის დაარსების იდეაც, სწორედ, ომისგან მიღებული შედეგების გაანალიზებას ისახავს მიზნად. ,,ამ ომმა ორივე მხარეს დიდი ტკივილი მიაყენა. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს, თუ რა მოაქვს ომს," - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

სტუმრები რეგიონებში სპეციალური მისიით მოგზაურობენ. ,,მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის" - ასეთია თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლების შეხვედრების იდეა. ერგნეთში არ დავიწყებიათ ომის მთავარი მონაწილე სახელმწიფოს, რუსეთის როლის გახსენებაც, რომლის გავლენა, მენტალური თვალსაზრისით, კვლავაც ძლიერია ქართულ საზოგადოებაში.

,,თუ ჩვენ არ განვვითარდებით, ჩვენი სახელმწიფო არ გაძლიერდება, აგერ ორ ნაბიჯზე მყოფი ქვეყანა შეგვისრუტავს და სულიერადაც გაგვანადგურებს," - ამბობს ლაშა ბუღაძე.

ომის მუზეუმში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც იმყოფებოდნენ. მათ მოისმინეს ლექცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს რეალურად ევროპული ღირებულებები და როგორ დაიცვან თავი პროპაგანდისტული, პრორუსული პოლიტიკისგან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები