ახალი ამბები
ფილიპ ხაჩიროვი დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე სიმართლე დადგინდება
ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ფილიპ ხაჩიროვმა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გუშინ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან მისი სახელის დაკავშირება პროვოკაციაა. მისი გამოსვლის კადრებს ცხინვალის ტელევიზია ავრცელებს.

,,ტრაგიკული მოვლენა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება. ჩემი მხრივ ვაცხადებ, რომ ის ბრალდებები, რომელიც თბილისის ტელევიზიების გადაცემებისა და ჩემს მიმართ ისმის დაგეგმილი პროვოკაცია. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრიმინაციასა და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციას, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან , რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება" - აცხადებს ფილიპ ხაჩიროვი.

ახალგორის რაიონიდან დევნილი არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია. დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოჯახს ცხედარი სრულყოფილი ექსპერტიზის შემდეგ დაუბრუნდება. საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოჯახისთვის ცხედრის დაიყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები