ახალი ამბები
იაპონური კრაზანას შემოყვანის საკითხს ქართველი სპეციალისტები შვეიცარიაში სწავლობენ
როგორი ზეგავლენა შეიძება მოახდინოს იაპონურმა კრაზანამ საქართველოში აზიურ ფაროსანაზე?-საკითხს ქართველი სპეციალისტები შვეიცარიაში იკვლევენ. მავნებლის ბუნებრივი მტრის საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად სწავლობენ.

სეს-ის უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ აზიურ ქვეყნებში, ბაღლინჯოს ბუნებრივი მტერი, ძირითადად იაპონური კრაზანაა. მისივე თქმით, ამ მწერის საქართველოში შემოყვანა კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
იაპონური კრაზანა, მილიმეტრნახევრიანი ზომის მწერია. ის აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტია. არსებული ინფორმაციით, ჩინეთსა და კორეაში კრაზანა შემთხვევების 90%-ში მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მექანიზმების შემუშავების მიზნით, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორიის გადაიარაღება მიმდინარეობს.

ანასეულის ლაბორატორიის სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.




Print

სტატიის გამოყენების პირობები