ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ლენინგორის(ახალგორი) დატოვებას არ აპირებენ
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილთან ერთად 22 თებერვალს იყვნენ დაკავებულები, ახალგორში, მშობლებთან რჩებიან. ამის შესახებ ახალგორის (ლენინგორის) რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ფილიპ ხაჩიროვმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორივე მათგანი საკუთარ სახლში არიან და საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გადასვლას არ აპირებენ.

,,ერთ-ერთი მათგანის დედამ გვითხრა, რომ ტელეფონით სისტემატიურად უკავშირდებიან თბილისიდან და ლენინგორის რაიონის დატოვებას სთხოვენ, მაგრამ უარს ეუბნებიან. იმასაც ამბობენ, რომ გადასვლის შემთხვევაში აწამებენ და პიარისთვის გამოიყენებენ. ამიტომაც, გამორთეს ტელეფონები, რომ აღარავინ შეაწუხონ" - აცხადებს ფილიპ ხაჩიროვი.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილით გარდაიცვალა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ცხედარი ოჯახს ამ დრომდე არ გადასცემია.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ. საქართველოს ხელისუფლება ასევე ითხოვს, რომ ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს გამყოფ ხაზზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

2018 წლის 5 მარტს ახალგორის რაიონი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. რაიონს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები