ახალი ამბები
ღვთისმშობლის ეკლესია უფლისციხეში, სადაც უშვილო ქალები ღამეს ათევდნენ
,,დედაღვთიშობელი" - ასე უწოდებენ სოფელ უფლისციხის ძველი მცხოვრებლები ეკლესიას, რომელიც ნასოფლარის თავზე, კლდეშია გამოკვეთილი. ადგილმდებარეობის მიხედვით, ციხე-ქალაქის არქიტექტურულ სტრუქტურას მოწყვეტილია, თუმცა, უფლისციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილად ითვლება.

არქეოლოგებმა სალოცავს უფლისციხის ,,დასავლეთი ეკლესია" უწოდეს.  თ. ქარუმიძე ფიქრობს, რომ ეკლესიად გადაკეთებულია ელინისტური ხანის სალოცავი.

სალოცავი ხის ფიცრებისგანაა დაცული. დღესაც შემორჩენილია ნივთები, რომელიც  უშვილო ქალის საცხოვრებლად და გასათენებლად გამოიყენებოდა. კლდიან ბაქანაზე ხალიჩაა გაფენილი. საკურთხეველში ხატები აწყვია. გარეთ ცეცხლის ასანთები ადგილი კვლავაც შემორჩენილია.

უფლისციხელები ამბობენ, რომ აქ ღამის გასათევად სხვადასხვა სოფლებიდანაც მიდიოდნენ. ის ქალი, ვინც რწმენით დაიძინებდა სალოცავში, მას აუცილებლად ჩაესახებოდა ნაყოფი.

მისასვლელად კლდეზე საფეხურებია ამოკვეთილი. საფეხურები აქვს საკურთხეველსაც. ამჟამად, სალოცავში უფლისციხის ვიზიტორები არ დადიან.

არქეოლოგი დავით (დურსუნ) ხახუტაიშვილი (პირველი მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების ექსპედიციის ხელმძღვანელი) წერს, რომ უფლისციხის საკულტო ადგილები მთელს ამიერკავკასიაში განთქმული იყო. მისი აზრით, საკურთხევლები მართკუთხა პოდიუმებითა და თავისი შენაწირებით, წარმართული საკურთხევლებია. მათი არსებობა ახსნილია იქ მცხოვრებთა წარმართული რელიგიის კულტმსახურებისადმი ერთგულებით.

შემდგომ წლებში, ასეთი საკულტო ადგილები, უშუალოდ, საცხოვრებელ ტერიტორიაზეც აღმოაჩინეს. ზოგიერთი საკურთხეველი იდგა საგანგებოდ კონსპირირებულ ნაგებობაში, სადაც მოხვედრა შეიძლებოდა მხოლოდ იატაკის ქვეშ მოწყობილი საიდუმლო ხვრელით. ვისგან ცდილობდნენ ამ საკურთხევლების კონსპირირებას? რა თქმა უნდა ქრისტიანი მრევლისაგან. 1982 წელს ძეგლის გამთხრელის, გ. რჩეულიშვილის აზრით, უეჭველია, რომ იქ სრულდებოდა წარმართული საიდუმლო კულტმსახურებები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები