ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალიდან წითელი ჯვრის წარმომადგენლები გადაასვენებენ
ცხინვალში, 23 თებერვალს გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, უახლოეს მომავალში, ოჯახში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

,,დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს. მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს. ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს." - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ახალგორის გამგებელი თვლის, რომ ოფიციალურად ამ თარიღის წინასწარ გამოცხადება არ ღირს, მოვლენების შესაძლო გართულების გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილის უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, აქვს საფუძველი განაცხადოს, რომ ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მიწას მიაბარებენ.

,,საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში. ყველა ჩვენი მეგობარი, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გვერდზე გვიდგას ამ პროცესში. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეკლესიის და პატრიარქის როლი." - აცხადებს პრემიერ-მინისტრში. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა:

,,ახლა დგება დრო, როცა, მიუხედავად სამართლიანი ემოციებისა, უნდა მოვნახოთ საკუთარ თავში ძალა, რომ ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ არ შეგვიყვანოს იმ საბედისწერო სპირალში, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისიდან გვიწევდა სიარული, ბედით თუ უბედობით, კონკრეტული ადამიანების სიმამაცითა თუ კიდევ სხვათა საბედისწერო შეცდომებით, გამყიდველობით თუ კიდევ უამრავი სხვა მიზეზით. ახლა არის დრო, როცა უნდა გავმაგრდეთ, მამაცი ვაჟკაცი სათანადოდ გამოვიგლოვოთ და მიწას მივაბაროთ. ამის შემდეგ, ისევ მოვიკრიბოთ ძალა და შეუქცევადად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აგურ-აგურ მშენებლობის პროცესი და, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღეს ამის თქმა, ოსებისა და აფხაზების შემორიგების პროცესი - კიდევ უფრო მეტი შემართებით და გულმოდგინებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ასევე, მწამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც ჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის." - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები