ახალი ამბები
კასპის მერი დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს - ტენდერებში კასპელების დასაქმება სავალდებულო აღარ იქნება
კასპის მუნიციპალიტეტის მერი დისკრიმინაციაში დაანაშაულეს. შესყიდვების სააგენტომ კომპანია ,,ადროიტის" საჩივარი დაკმაყოფილა, რომლის მიხედვით მანუჩარ მერებაშვილის ახალი ინიციატივა კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდა.

მანუჩარ მერებაშვილი 2018 წლის 1 თებერვლიდან ითხოვდა, რომ ტენდერებში ამა თუ იმ კომპანიას, გამარჯვების შემთხვევაში, მუშა-ხელის 70%-ი ადგილობრივი მკვიდრი უნდა დაესაქმებინა. ეს ნორმა მილიონიანი პროექტის სატენდერო დოკუმენტაციაში ჩაწერა. ქალაქის სამ დიდ ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი უნდა მოწყობილიყო.

2018 წლის 16 თებერვალს კომპანია ,,ადროიტის" იურისტმა, ამ ნორმის გამო, შესყიდვების სააგენტოში იჩივლა. კომპანიის იურისტი წერს, რომ ადგილი აქვს დისკრიმიინაციის ნიშნებს, რადგან კასპის მერისთვის მიუღებელია სამუშაოებზე დასავლეთ საქართველოში ან სხვა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმება.

,,ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარდება რომელიმე ადგილობრივი კომპანია, რომელსაც მეტი ადგილობრივი მკვიდრი ჰყავს დასაქებული" - აცხადებს კომპანია ,,ადროიტის" წარმომადგენელი.

საჩივრის განხილვის დროს, შესყიდვების სააგენტოში, კასპის მერის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი ზრუნავს ადგილობრივი, დაუსაქმებელი მოსახლეობის საჭიროებებზე; რომ ეს ნორმა არ შეიცავს დისკრიმინაციულ ნიშნებს, რადგან კომპანიას მხოლოდ მუშა-ხელის შერჩევის დროს უნდა გაეთვალისწინებინა ადგლობრივი წარმომავლობა: ,,ეს ნორმა არ ვრცელდება ინჟინრებზე და სპეციალისტებზე, მხოლოდ მუშა-ხელზე." - განმარტა მერიის იურისტმა.

მერიის წარმომადგენელი ასევე უთითებს, რომ კასპის მკვიდრი, შესაძლოა, სხვა ეროვნების ადამიანიც იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ,,დისკრიმინაცია" გამორიცხულია.

შესყიდვების სააგენტოს დირექტორმა და კოლეგიამ 1 მარტს გადაწყვიტა, რომ კასპის მერიის ახალი ინიციატივა ნამდვილად შეიცავს დიკრიმინაციის ნიშნებს, რადგან ნებისმიერ კომპანიას უფლება აქვს თავადვე შეარჩიოს მუშა-ხელი. სააგენტოს განმარტებით, არც ერთი ნორმატიული აქტი არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტს ჩაერიოს კომპანიის შიდა საქმიანობაში. მერიის მოვალეობაა, რომ კომპანიას მოსთხოვოს, მხოლოდ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ამ კუთხით გაუწიოს კონტროლი.

1 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კასპის მერიამ ყველა ის ტენდერი გააუქმა, სადაც მითითებულია, რომ მუშა-ხელის 70%-ი უნდა იყოს ადგილობრივი მკვიდრი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები