ახალი ამბები
,,ჯერ იატაკი არ დაგვიგია" - გორის სპორტის სასახლის მშენებლობის დასრულებას არ ადასტურებენ
გორის სპორტის სასახლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს განუცხადეს.

მათი თქმით, დარბაზებში იატაკი არ დაგებულა, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი და არ დასრულებულა საქვაბის მშენებლობა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა.

,,იატაკის დაგებას 15 გრადუსი სითბო მაინც უნდა. საქვაბე რომ მზად იყოს, ამ შემთხვევაში გათბობას ჩავრთავდით, არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირიც. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება," - აცხადებს მშენებლობის ზედამხედველი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც შენობის დასრულებისას წარმოიშვება, არის ის, თუ რომელი უწყება შეინახავს სპორტის სასახლეს.

,,სავარაუდოდ, ეს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გადაეცეს. რა დაუჯდება მისი შენახვა, ამის გაანგარიშება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის." - აცხადებს მშენებელი.

სასახლის დიდი დარბაზი 1 500, ხოლო პატარა დარბაზი 500 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება. მშენებლობა 2017 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კანადურმა კომპანიამ სპორტის სამინისტროს აცნობა, რომ საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების წარმოება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები