ახალი ამბები
ქვახვრელში შესრულებული სამუშაოს ,,ტესტირების" დროს წყალმა ამოხეთქა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, კერძოდ, სისტემაში წყლის გაშვებისას მიწიდან წყალმა ამოხეთქა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პროცესში ჩართულ ახალი კომპანიის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

მათი თქმით, იქ სადაც მიწა წაყრილი იყო და სამუშაოები დასრულებულად ითვლებოდა. წყალმა შადრევანივით ამოხეთქა:

,,ამის მიზეზი ის გახლვათ ჩემო ბატონო, რომ ვინც ეს გააკეთა, არასრულყოფილად გააკეთა. მიწიდან წყალმა შადრევანივით ამოხეთქა. ზოგან, შლანგი შლანგზე არ იყო გადაბმული და ზოგან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ჩვენ ყველა ეს ხარვეზი აღმოვფხვერით," - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

ამჟამად, სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის ,,მილიონიან პროექტს" კომპანია ,,გეოპლასტი" ასრულებს. კომპანია ამ საქმეში, ახალი ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 15 დეკემბრიდან ჩაერთო.

ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2016 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია ,,არქიკულტურა" მუშაობდა. მათ 800 000 ლარი აითვისეს და აცხადებდნენ, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულეს. კერძოდ, დარჩენილი იყო მრიცხველების დაყენება.

კომპანია ,,არქიკულტურას" სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ დაასრულა. გორის მაშინდელმა გამგებელმა ვადა სამჯერ გადაუწია. 880 000 ლარიდან ,,არქიკულტურამ" 800 000 ლარი აითვისა. დროულად ვერშესრულების გამო, პირგასამტეხელო, მხოლოდ, 90 000 ლარი დააკისრეს.

,,კიდევ იცით რა არ იყო გაკეთებული? სახლებთან შეყვანილი მილებიც კი იყო ერთმანეთთან აცილებული" - აცხადებენ ,,გეოპლასტის" წარმომადგენლები. 

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და გამგებელი დავით ონიაშვილი ქვახვრელელებს ჰპირდებოდა, რომ სასმელი წყალი 2017 წლის მარტში აუცილებლად იქნებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები