ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძე: ,,სადაც ქალია თავმჯდომარე, იქ საქმე ყოველთვის კეთდება"
ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ სადაც ქალია თავმჯდომარე, იქ საქმე ყოველთვის კეთდება. თუმცა, განმარტავს, რომ პოლიტიკურ პარტიათა სიაში, ქალთა სავალდებულო რაოდენობა 20-30%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამის შესახებ დღეს გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ქალთა ორგანიზაციების მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. დამსწრე საზოგადოებას დარჩა შთაბეჭდილება, რომ იოსებ მაკრახიძე კანონპროექტს მხარს უჭერს.

კანონპროექტის მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი არიან საარჩევნო სია, გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით, დააკომპლექტონ და მასში ყოველი მეორე წევრი უნდა იყოს განსხვავებული სქესის მქონე კანდიდატი.

ეს ცვლილება პარლამენტში, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (Task Force) წარადგინა. 21 მარტის სხდომაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილება.

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მეორე მაჟორიტარ დეპუტატს თენგიზ ხუბულურს, მისი ბიუროს წარმომადგენლის თქმით, პარლამენტარი არ აპირებს მხარი დაუჭიროს აღნიშნულ საკითხზე წარდგენილ კანონპროექტს. საერთოდ, რას უჭერს მხარს, თემურ ხუბულურის პოზიცია ბიუროს წევრმა არ გააჟღერა.

დღეს “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) გორის ოფისში გენდერული კვოტირების შესახებ დისკუსია გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ხელმძღვანელები დაესწრნენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პოზიციებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები (მათ შორის: Task Force -ს წარმომადგენლები), გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები დააღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა პირები ისმენდნენ.

შეხვედრისას საუბარი შეეხა ისეთ თემებს, როგორიცაა: რა არის კვოტირება? კვოტირების უცხოური გამოცდილება და ქართული რეალობა; როგორ მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში კვოტირების სისტემა; რა შედეგები დადგა დროებითი ზომის ამოქმედების შემდეგ და როგორია ამ ქვეყნებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ამომრჩეველთა კულტურა; როდის დადგა დღის წესრიგში საქართველოში გენდერული კვოტების განხილვის საკითხი? პოლიტიკოსთა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობა და შეფასებები; რა მდგომარეობა გვაქვს ახლა და რა მოლოდინები არსებობს?.


Print

სტატიის გამოყენების პირობები